„IndieWire“-ის კინოკრიტიკოსთა გამოკითხვაში ორი ქართული ფილმი მოხვდა

„IndieWire“ მსოფლიოს 187 წამყვანი კინოკრიტიკოსის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” IndieWire-ის 10 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო დებიუტს შორის მოხვდა დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი”.

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. აღსანიშნავია,რომ ფილმი  2021 წელს  ბერლინალეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.ასევე ფილმს ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა.

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” ათეულობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის: კინოდაჯილდოვება EAST — WEST. GOLDEN ARCH-ის ჯიდლო  საუკეთესო დებიუტისთვის, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო ფილმისათვის, სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ „ვერცხლის ნიჟარა“ კი – დეა კულუმბეგაშვილს, როგორც საუკეთესო რეჟისორს და ია სუხიტაშვილს, როგორც საუკეთესო მსახიობ ქალს. ტორონტოში კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო და ა.შ.