ნოე რამიშვილი საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა აღმოჩნდა XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და პოლიტიკური კატაკლიზმების ეპიცენტრში.
ნოე რამიშვილი დაიბადა 1881 წლის 7 დეკემბერს გურიის სოფელ ქვემო სურებში, ბესარიონ რამიშვილისა და მაკა მგელაძის ოჯახში. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ ნოე რამიშვილმა სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში და ქუთაისის სასულიერი სემინარიაში გააგრძელა, 1901 წელს შევიდა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუცირ მოძრაობაში, რის გამოც ერთი წლის შემდეგ გარიცხეს უნივერსიტეტიდან.
საქართველოში დაბრუნებულმა ნოე რამიშვილმა დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. 1902 წელს იგი შევიდა სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში და გახდა მენშევიზმის აქტიური მხარდამჭერი.
1908–1909 წლებში ნოე რამიშვილი სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნიერება და ფილოსოფია. ლაიფციგის უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ ხელი შეუწყო პოლიტიკურ სარბიელზე მის წარმატებულ მოღვაწეობას.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი ნ. რამიშვილის პოლიტიკურ კარიერაში. იგი აირჩიეს კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავმჯდომარედ, ქართველ მენშევიკთა ცკ–ს წევრად და პარტიის ორგანოს გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. რუსეთში მომხდარი ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ნოე რამიშვილი გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა შექმნა „ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერალური რესპუბლიკა“ , რომლის მთავრობაში ნ. რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, თუმცა ამ ფედერაციის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ნოე რამიშვილი მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, თუმცა ერთ თვეში იგი გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელობა ნოე ჟორდანიამ ჩაიბარა.
დამოუკიდებელი საქართველოს მეორე მთავრობაში ნოე რამიშვილი იყო შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. ნოე რამიშვილს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა, თუმცა ოპოზიციური ძალები მას აკრიტიკებდნენ ზედმეტი სიმკაცრისა და შეურიგებლობის გამო.
ნოე რამიშვილმა 1905 წელს იქორწინა პედაგოგ მარიამ (მარო) გოგიაშვილზე, მათ ოთხი შვილი აღზარდეს: ბენო, აკაკი, ნინო და თამარი.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნოე რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში.
მატერიალური პრობლემების მიუხედავად რამიშვილი ემიგრაციაშიც აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, წერდა წერილებს, წიგნებს. ემიგრაციაში ყოფნისას არ შეუწყვეტია ბრძოლა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. იგი იყო 1924 წლის აჯანყების ერთ–ერთიორგანიზატორი, მხარს უჭერდა პოლონელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.
ნოე რამიშვილი ბოლშევიზმის დაუძინებელ მტრად იყო მიჩნეული. საბჭოურ–ბოლშევიკურიიდეოლოგია ვერ პატიობდა სოციალ–დემოკრატ მენშევიკებს „სოციალიზმის დიადი იდეების“ ღალატს. აქედან იღებდა სათავეს განსაკუთრებული შეურიგებლობა ნოე რამიშვილის–დამოუკიდებელი საქართველოს გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის მიმართ. 1930 წელს, პარიზში იგი მოკლა ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ. ეს იყო საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური მკვლელობა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ფრანგულ საზოგადოებაში. ჭანუყვაძის სასამართლო პროცესის ანგარიში სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ პრესაში.
ნოე რამიშვილის ცხედარი ბანიოს სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი ლევილის მიწას მიაბარეს.
ნ. რამიშვილის თეორიულ მემკვიდრეობაშია ნაშრომები: „ისტორიული მატერიალიზმი“ (1911 წ.), რომელსაც ახლავს ნ. ჟორდანიას წინასიტყვაობა, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“ (კონსტანტინოპოლი, 1922 წ.), „საქართველო და რუსეთი“ (პარიზი, 1924 წ.), „დემოკრატიული სოციალიზმი“ (პარიზი, 1931 წ.) და სხვა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოლიტიკურ მოღვაწეობაში იყო არასწორი ნაბიჯები და საბედისწერო შეცდომები, მაგრამ ის მაინც რჩება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ–ერთ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ ფიგურად.