,,თითოეული ასეთი შეხვედრა გვაახლოვებს სამშობლოსთან. თქვენთან გატარებულმა დრომ ცოტა ხნით ჩვენს სათაყვანებელ საქართველოში დაგვაბრუნა… სიხარულით ველოდებით ყველანი კვლავ თქვენთან შეხვედრას. ეს არის ეროვნული საქმე. ჩვენ ერთად ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ერს. ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ მათი ევროპული განათლება არაფერი იქნება, თუ დაივიწყებენ, ვისი გორისანი არიან“, – ეს სიტყვები მანანა ხორბალაძემ ფოლკლორის ცნეტრთან ონლაინ შეხვედრისას თქვა. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მისი ინიციატივით ბერი გაბრიელის სახელობის საკვირაო სკოლა და ლიტერატურული თეატრი “ჩვენ დავბრუნდებით” 7 წლის წინ დაარსდა.
“ფოლკლორის ცენტრი სიამოვნებით შეუერთდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის საინტერესეო, სასარგებლო ონლაინ შეხვედრები გაკეთებულიყო. ჩვენთვის მანანა ხორბალაძე, არაჩვეულებრივ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად დიდი აღმოჩენაა…” აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის განცხადებაში,
,,როდესაც ვუყურებდი ბავშვებს, რომლებიც ქართულად აღარ მეტყველებდნენ, გადავწყვიტე, მათი გულები სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულით აღმევსო… რადგანაც ფართი არ გვქონდა სკოლისათვის, ჩემთან სახლში ვიკრიბებოდით. ვასწავლიდი, რომ ეამაყათ უცხოელ თანატოლებთან თავიანთი სამშობლოთი. რა თქმა უნდა, ქართულის სწავლა სიყვარულითა და თამაშით ხდებოდა. ამასობაში მეტყველებაც დაეხვეწათ და დავიწყეთ ენის, ისტორიის, ლიტერატურისა და პოეზიის სწავლა“, – ამბობს მანანა ხორბალაძე.
ბოლო სამი წელია საკვირაო სკოლა ნაქირავებ შენობაში განაგრძობს ბავშვების შეკრებას. ამ შენობაშივე აღევლინება წირვა-ლოცვა. ბავშვებს მანანასთან ერთად ახალგაზრდა მასწავლებლები: ილია მირინაშვილი, ეთერ ჩუმაშვილი, ფიქრია პირმისაშვილი და როინ ბრეგვაძე გაკვეთილებს აბსოლუტურად უსასყიდლოდ უტარებენ, – ,,ჩვენ სრულიად უანგაროდ, უდიდესი სიყვარულით ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ერს. მაქსიმალურად ვცდილობთ, აქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს, შევუნარჩუნოთ ქართული იდენტობა, რომ არ მოწყდნენ მშობლიურ ფესვებს. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა გვერდში არ დაგვიდგება, მხოლოდ ჩვენი ძალებით დიდხანს ვერ შევძლებთ ამ ყოველივეს შენარჩუნებას. ბავშვების შემდგომი თაობა, უკვე დაკარგულნი იქნებიან საქართველოსთვის… მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პროექტში ჩართულ ფოლკლორის ცენტრის თითოეულ წარმომადგენელს“, – ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
შეხვედრაში სიამოვნებით ჩაერთნენ ფოლკლორის ცენტრის მესტიის სალოტბარო სკოლის ბავშვები და პედაგოგები – ვახტანგ ფილფანი და გოდერძი აფციაური. მათ ისტორიული კოშკების ფონზე, სვანურ ტრადიციულ საკრავებთან ერთად ხალხური სიმღერები შეუსრულეს ბელგიაში მცხოვრებ თანატოლებს. შევთავაზეთ რამდენიმე სახის აქტივობა – კულტურულ-შემეცნებითი თამაშები, ხალხური სიმღერის სწავლება, სვანურ თემატიკაზე სხვადასხვა ნივთების გამოძერწვა (ეს ყველაზე მეტად მოეწონათ), ექსპედიციებში მოპოვებული საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზეც.
ბელგია-ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსის და ანტვერპენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მამა დავით მაღლაფერაძის კურთხევით ჩამოყალიბდა ეკლესიასთან არსებული, ბერი გაბრიელის სახელობის საკვირაო სკოლა და ლიტერატურული თეატრი – ,,ჩვენ დავბრუნდებით”. სკოლის შექმნის იდეა მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის.
პროექტი – „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ – ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით.