1 დეკემბერი ქართველი ფერმწერის, თეატრისა და კინოს მხატვრის, საზოგადო მოღვაწის, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელის – დიმიტრი შევარდნაძის დაბადების დღეა.
დიმიტრი შევარდნაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1920 წელს, მისი თაოსნობით თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა, რომელიც მოკლე ხანში იქცა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად. დიმიტრი შევარდნაძის მიერ შემუშავებული მუზეუმის განვითარების კონცეფციის წყალობით, 1920-1933 წლებში, გალერეის კოლექციები შეივსო უმნიშვნელოვანესი ბიბლიოგრაფიული რარიტეტებით, ქართული და ევროპული მხატვრობის ნიმუშებით, აღმოსავლური მხატვრობისა და მინიატურის უნიკალური კოლექციით, ასევე ანტიკვარული ავეჯის, ჭურჭლისა და ხალიჩების უიშვიათესი ნიმუშებით. სწორედ დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების უმდიდრესი სამუზეუმო კოლექციის შექმნა, შესწავლა და პოპულარიზაცია.
დიმიტრი შევარდნაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი შექმნილია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბის ჰერალდიკა, ფულის ერთეულისა და საფოსტო მარკების ესკიზები, ქართული შრიფტის ახალი გრაფიკული მოხაზულობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გერბი და ბეჭედი. საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, იგი მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, თეატრისა და კინოს მხატვრობაში.მუშაობდა ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორიცაა “ქრისტინე”, “ვინ არის დამნაშავე?”, “ჯანყი გურიაში”, “ელისო”.
1937 წლის 10 ივნისს დიმიტრი შევარდნაძე „ხალხის მტრის“ ბრალდებით დააპატიმრეს მანამდე ის გაათავისუფლეს “მეტეხის” მუზუმის დირექტორის თანამდებობიდან, “მე არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ არაფერში ბრალი არ მიმიძღვის” -ამბობდა ხელოვანი,
|
||
დიმიტრი შევარდნაძის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ათწლეულების მანძილზე მის სახელს ტაბუ ედო, მხოლოდ 1960-იანი წლების მიწურულიდან გაბედეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა ქართული კულტურის წინაშე დიმიტრი შევარდნაძის უდიდესი დამსახურების ხაზგასმა.
2012 წელს, რენოვაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეას დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.
წყარო:Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი