საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრის ილია აგლაძის არქივის შესყიდვა განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მრავალფეროვანი საარქივო მასალები 370 ხელნაწერსა და ნაბეჭდ დოკუმენტს მოიცავს და შეიცავს დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, კოტე მაყაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი პაპავას, ვალერიან გუნიასა და სხვათა უცნობ ავტოგრაფებს.
„მოცემული საარქივო მასალები ექსკლუზიურია, რადგან არ არსებობს მათი სხვა ეგზემპლარები და უმეტესობა უცნობია.
ამასთან, შესყიდული არქივი აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, კერძოდ, მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან, 1917 წლიდან 1921 წლამდე უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს, მათ შორის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილებსა და განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომის ოქმებს, მწერალთა პირველი კონფერენციის დოკუმენტებს, მიმართვებსა და პირველ წესდებას, მწერალთა ხელწერილებს, მწერალთა კავშირის ბუღალტრულ საბუთებს, კვიტანციებს, მწერალთა ფაქსიმილების სიებს, ღია ბარათებს და ჟურნალებს.
არქივში ასევე ინახება ილია აგლაძის მეუღლის, მწერლის, მთარგმნელის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებლის, ოლღა ბეჟანიშვილი-აგლაძის წერილები, ჩანაწერები და ქალთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი წყაროები დღემდე უცნობი იყო როგორც მკვლევარებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის და წარმოადგენს სანდო დოკუმენტებს მწერალთა კავშირის ამ უაღრესად საინტერესო პერიოდის შესასწავლად.