ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, საქართველოც შეუერთდა.
საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში, მხოლოდ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა.
ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.
აპლიკაცია აჩვენებს ინფორმაციას პირის სტატუსის (ვაქცინაციის, ტესტირებისა და კოვიდის გადატანის) შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და აიღოს კოვიდ ბარათი.
თუ მოქალაქეს 17 ნოემბრამდე უკვე აღებული აქვს კოვიდ ბარათი, აუცილებელია მისი განახლება.
ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, პირმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით უნდა გადაამოწმოს რა პოლიტიკას/რეგულაციებს იყენებს ეს თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.