ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრი „თიკოს სახლი“ და მენტალური არითმეტიკის სკოლა „სუმატო+“ ერთობლივ პროექტს იწყებენ. პროექტის მიზანი სკოლამდელი ბავშვების (არამხოლოდ) განვითარება და მათი სკოლისათვის მომზადებაა. პროექტი უნიკალური იმით, რომ ამ კოლაბორაციით შექმნილი პროგრამა ბავშვებთან მუშაობაში ყველაზე ეფექტური და დახვეწილი მეთოდების ნაზავი იქნება. თანაც, ეს საქართველოში ამ კონკრეტული მეთოდების სინთეზის პირველი შემთხვევაა.
რასაკვირველია, ამ ერთობლივ პროექტში როგორც „თიკოს სახლის“, ასევე „სუმატო+“-ის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
როგორია არსებული პროგრამა, რომლის განვითარება და დახვეწაც გადაწყდა, რა კონკრეტულ სიახლეებს შესთავაზებს ეს პროგრამა ბავშვებსა და მათ მშობლებს და რითია ის უნიკალური? ჩვენს კითხვებს „თიკოს სკოლის“ დამფუძნებელი თიკო ზენაიშვილი და „სუმატოს“ დამფუძნებელი ინგა ნოდია პასუხობენ.
(თიკო ზენაიშვილი) -ჩვენს სახლში ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის პროგრამა 5-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის, რომელიც გულისხმობს ბავშვის სრულ მომზადებას სასკოლო გამოწვევებისთვის. ეს მოიცავს ბავშვების სამი სფეროს განვითარების სტიმულირებას, ესენია: შემეცნებით-კოგნიტური სფერო, წვრილი მოტორული უნარების განვითარება და სოციალურ-ემოციური მზაობა.
ფიზიკური მზაობა გულისხმობს მსხვილი და წვრილი მოტორული უნარების განვითარებას. ჩვენი პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წვრილი, ნატიფი მოტორული უნარების სრულყოფას, რაც არა მარტო წერითი, არამედ სამეტყველო უნარების დახვეწისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კოგნიტური მზაობა ნიშნავს იმას, რო ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები ასაკის შესაბამისად იყოს განვითარებული. ამაში იგულისხმება აღქმის, ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების, მეტყველების ფუნქციონირების განვითარების ხელშეწყობა.
ემოციური სფეროს განსავითარებლად საჭიროა, ბავშვს სოციალური უნარები განუვითარო.მას უნდა შეეძლოს ჯგუფთან ადაპტაცია,უფროსთან და თანატოლებთან ურთიერთობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ამ პროგრამით ვაკეთებთ, არის ის, რომ ბავშვს აღარ ეშინია წარუმატებლობის. ამ ასაკში ძალიან უნდათ, რომ ყველაფერში წარმატებულნი იყვნენ. სკოლის დროს, პირველ კლასში, ემოციურად ძალიან რთულად აღიქვამენ იმას, რაც კარგად არ გამოსდით. ჩვენი სასკოლო მზაობის პროგრამა კი, სწორედ ამას აგუებს ბავშვს – შეიძლება, პირველ ჯერზე რაიმე არ გამოუვიდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია. საჭიროა, კიდევ სცადოს, რამდენჯერაც საჭირო იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში მთლიან სიტყვათა მეთოდია. ამ ასაკის პატარას უნდა შეეძლოს ფონემა გადაიყვანოს გრაფემაში. მან სიტყვა უნდა განიცადოს, შეაფასოს როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი. მთლიან სიტყვათა მეთოდი 20 სიტყვას მოიცავს, რომელთა დასწავლასთან ერთად ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს. უვითარდება შემოქმედებითი და ცნებითი აზროვნება, მდიდრდება ლექსიკა, უადვილდება საკუთარი ემოციების, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა. ეს ყველაფერი ინტეგრირებულია არტ-თერაპიულ ტექნიკებთან, რაც ქმნის სასიამოვნო, თავისუფალ და კომფორტულ გარემოს, რომელშიც პატარა ხალისით ერთვება.
-რატომ გადაწყვიტეთ, ამ პროგრამის დახვეწაზე „სუმატოსთან“ ერთად გემუშავათ და რატომ არის მენტალური არითმეტიკა ის, რაც არსებულ პროგრამას უფრო სრულყოფილს გახდის?
-მენტალური არითმეტიკა ბავშვის შემეცნებით-კოგნიტური სფეროს განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ყველაზე ღირებული ამ მედოდში ის გახლავთ, რომ ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობას უწყობს ხელს. ეს არის ტვინის ერთგვარი მასაჟორი, რომელიც ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებას და წარმოსახვას. გარდა ამისა, მენტალური არითმეტიკა ნიჭების აღმოჩენას, სიახლეების შემეცნებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. ის არა მხოლოდ კოგნიტური სფეროს, არამედ მოტორული უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელიცაა. ამიტომაც მენტალური არითმეტიკის დამატებამ ჩვენი პროგრამა გაცილებით ეფექტური გახადა არა მარტო ტიპური განვითარების ბავშვებისათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც განვითარებაში გარკვეული ტიპის შეფერხებები აღენიშნება.
-კონკრეტულად, რა არის მენტალური არითმეტიკა და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი არითეტიკისგან, რომელსაც ყველა სკოლაში ასწავლიან?
(ინგა ნოდია): -მენტალური არითმეტიკა შეგვიძლია შევადაროთ მუსიკას რიცხვების სამყაროში. როცა ბავშვი მუსიკაზე მიგვყავს, ის ჯერ ნოტებს ხედავს და სიმბოლოებს აღიქვამს, შემდეგ კი, კლავიშებზე გადააქვს და მელოდიას ქმნის. ჩვენ რიცხვების სამყაროში ვოპერირებთ. ბავშვი ანგარიშობს სორობანზე (იგივე აბაკუსი – საანგარიშო მოწყობილობა, რომელიც მენტალურ არითმეტიკაში გამოიყენება) და ხედავს კოჭების განლაგებას, პოზიციას. ამ დროს, ნეირონული კავშირებით, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები შეთანხმებულად მუშაობენ, რის შედეგადაც, სორობანზე მიღებულ პასუხს ბავშვი არაბული ციფრებით წერს.
გარდა იმისა, რომ მარჯვენიდან მარცხენა ნახევარსფეროზე სიმბოლოკის გადატანა მიმდინარეობს და ბავშვი წერს პასუხს, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ფაქტობრივად, საუბრის პარალელურად. იმდენად სწრაფად, რომ რიცხვების აკრეფას კალკულატორზეც ვერ მოასწრებს.
-როდის და რატომ გადაწყვიტეთ მენტალური არითმეტიკის სკოლის დაფუძნება?
-ყველაფერი 2016 წელს დავიწყეთ. საქართველოში უნარები, როგორც საგანი, მესამე კლასიდან ისწავლებოდა, ისიც მხოლოდ გარკვეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უფრო პატარებისთვის უნარების შესწავლა არ იყო ხელმისაწვდომი. ჩემი ბავშვებისთვის კი მე სულ მსგავს პროგრამებს ვეძებდი. 2016 წელს დამიკავშირდნენ მოსკოვიდან და ყაზახეთიდან ახლობლები, რომლებმაც მითხრეს, რომ არსებობდა ძალიან საინტერესო პროგრამა – მენტალური არითმეტიკა. ჩამოვიყვანე საქართველოში სპეციალისტთა გუნდი და გადავწყვიტე, მათი დახმარებით, აქაური მასწავლებლები მენტალური არითმეტიკის მიმართულებით გადამემზადებინა. ყველაფერი საკამაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან არც ვიცოდი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი: ფსიქოლოგი, მათემატიკოსი, სპეც პედაგოგი თუ სხვა. საბოლოოდ, 50 შერჩეული პედაგოგიდან მხოლოდ 5 დარჩა და „სუმატო+“-მაც ფუნქციონირება დაიწყო.
მაშინ ჩვენთან მსგავსი რამ არ არსებობდა. ჩემი კომპანიაც სწორედ ამ პროგრამის საქართველოში გასავრცელებლად დაარსდა. თავიდან 1-ელიდან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დავიწყეთ პროგრამის სწავლება, სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებს მხოლოდ ინდივიდუალურად ვიღებდით, ისიც მშობლების დაჟინებული თხოვნით. შედეგებმა გაგვაოცა. შემდეგ გადავწყვიტეთ, სკოლამდელი ბავშვების მიღებაც დაგვეწყო. შევიმუშავეთ მიდგომა, რომელიც სწორად, თანმიმდევრულად, 5 წლის ასაკის მცირე ჯგუფებისთვის იქნებოდა მორგებული. ჩვენ არ ვასწავლით იმ მეთოდებით, როგორითაც ისინი ანგარიშს სკოლაში ისწავლიან, სკოლა მათთვის ახალი და სიახლეებით აღსავსე იქნება. ჩვენი დახმარებით, ისინი მზად იქნებიან, რომ რაც შეიძლება მეტი დაინახონ, გაიგონ და შეძლონ 1-ელ კლასში. ჩვენ ვავითარებთ სმენით მეხსიერებას, თვალის მეხსიერებასა და ზოგადად, ხანგრძლივი კონცენტრაციის უნარს, სტრესის მართვას, ვასწავლით სირთულეების დაძლევას საკუთარი თავის იმედად, ვზრდით ქართველებს იაპონური შრომის მოყვარეობით, ჩვენი ქართული ნიჭის და ტემპერამენტის გათვალისწინებით. რაც შეეხება წერას, მოტორიკის განვითარება ხდება მხოლოდ სორობანის ჩართულობით. 5 წლის მოსწავლეს არ ევალება მაგალითზე პასუხის არაბული ციფრებით ჩაწერა.
რადგან ყველა ბავშვი განსხვავებულია, არ შეიძლება, მათ ერთი და იგივე სავარჯიშო მისცე. ზოგი, პირობითად, 5-ის ფარგლებში ანგარიშობს, ზოგი – მეტს, ზოგიც კი – გაცილებით დიდი რიცხვებით ოპერირებს. არასდროს არ უნდა შევადაროთ ერთი ბავშვი მეორეს. თითოეულ მათგანს უნდა მივცეთ საშუალება, არა ერთმანეთს, არამედ საკუთარ თავს აჯობონ და წავიდნენ იმაზე წინ, ვიდრე დღეს არიან.
ამ 6-წლიანი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, დამეხვეწა არსებული პროგრამა და მიმესადაგებინა ის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის. ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ვთვლი, რომ მაქსიმალურად მოვარგეთ ჩვენი პროგრამა ქართველ მომხმარებელს.
-თქვენი შეფასებით, როგორ იმოქმედა პანდემიამ ბავშვებზე და არსებული უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა თქვენთან ონლაინ მეცადინეობა?
-პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა პატარებიც. მართალია, სახლში სხედან, ინტერნეტიც არის და ონლაინ თამაშებიც, მაგრამ შეგვიძლია, მათი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. თუ კოვიდ-რეგულაციები გამკაცრდება და გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, ჩვენ ონლაინ მეცადინეობის გამოცდილება დიდი ხანია გვაქვს. მნიშვნელოვანია გამოცდილი პედაგოგი და მისი ალღო, ზუსტად შეიცნოს, თუ რა შეუძლია ბავშვს. სხვათა შორის, ჩვენ პანდემიამდე დავიწყეთ ონლაინ მუშაობა, რადგან მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. სწავლება ინდივიდუალურადაც მიმდინარეობს და ბევრი მცირერიცხოვანი ჯგუფებიც გვყავს. ჩვენს პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულნი უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც მათი ნაცნობი არაერთი უცხოელი დააკავშირეს ჩვენთან, ამიტომ გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა ენაზე და დროს გვიწევს.
-რატომ აირჩიეთ საპარტნიოროდ „თიკოს სახლი“ და არის თქვენი მიზანი?
-ცნობილია თიკოს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ბავშვებთან მუშაობის მისი სტილი. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, გვსურს, რომ ბავშვები უფრო სხარტები გავხადოთ არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ ნებისმიერ სხვა საგანში და ზოგადად, ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ჩვენი მიზანი კრეატიული აზროვნების განვითარებაა. აი, რატომ თიკო.