იერუსალიმის ჯვრის ველის მოსავალი

ჯვრის ველზე, რომელიც მე-19-ე საუკუნემდე რეალურად უდაბნო იყო და ქართველებს წალკოტად ჰქონდათ ქცეული, წელს უკვე მეორედ დაიკრიფა ზეთისხილი. სწორედ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აქვეყნებს წერილს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„წელს, მეორედ დავკრიფეთ ზეთისხილი იერუსალიმში, ჯვრის ველზე. მთელი ეს მიდამო, ახლა იერუსალიმის ცენტრში, მაგრამ, მე-19-ე საუკუნემდე, რეალურად, უდაბნო, ქართველებს წალკოტად ჰქონდათ ქცეული. სეზონური მდინარეც ჩამოდიოდა (ახლა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით გაედინება) და ბევრი, დიდი, კლდეში ნათალი, დღემდე შემორჩენილი წყალსაცავიც იყო ათობით ჰექტარზე გადაშლილი – ვენახის, ბროწეულის და ციტრუსების ბაღების, ლეღვნარის და ზეთისხილის სარწყავად. მათ შორის, ზეთისხილი ყველაზე გამძლეა და ჩვენი წინაპრების ჩარგული და ოფლით მოვლილი, ეს დალოცვილი ხეები, ახლაც ამშვენებს იერუსალიმს.

ამ ხეებმა ჩვენზე მეტი იციან ჩვენს წინაპრებზე. წელსაც, ქართული ჟრიამული ისმოდა მირიან და ნანას; პეტრე იბერის, სამუელ იერუსალიმელ ქართველთა, იოანე ფურტაველი და თეოდოსი ეპისკოპოსების; ვახტანგ გორგასალისა და დედამისი საგდუხტის; ბაგრატ მეოთხისა და დედამისი მარიამის; პროხორე ქართველის; გიორგი მთაწმინდელის; ლუკა აბაშიძის; ნიკოლოზ დვალის; სალომე ქართველის; შოთა რუსთაველის; ლაშა-გიორგის; ელისაბედ კახთა დედოფლის; ნიკიფორე და ბეენა ჩოლოყაშვილების, დადიანების,  ნიკო მარის; პეტრე კონჭოშვილის, ალექსანდრე ცაგარელის; გრიგოლ ფერაძის და მათთან ერთად, უამრავი ქართველი მწიგნობარის თუ საკუთარი ძალღონით მომუშაკე, ჩვენი ქვეყნის ერთგული შვილების ნაამაგარ მიწაზე. ამ დღეს, ისეთი განცდა იყო, რომ ქართველებთან ერთად, საუკუნოვანი ხეებიც ხარობდნენ და ქვებიც.

იყო სიცილიც და ცოტა ამოხვნეშაც… განტვირთვაც, მონატრებაც, დაახლოებაც, მეტი იმედიც, ქართული სიმღერაც; ცხვარიც იყო… დიალოგიც; ერთმანეთის დალოცვაც და წახალისებაც; მსჯელობა წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. ყველანი ერთზე ვთანხმდებით – უცხოობაში ეროვნული იდენტურობის და ზოგადად, თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, ქვეყნის განვითარების და გაძლიერებისთვის, ძირითად ეროვნულ საკითხებში ერთსულოვნებას ალტერნატივა არ აქვს.

იყო წინაპრების მოგონებაც; თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, რა თქმა უნდა, ბევრი “სელფიც” და ვიდეოც; მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართველი ბავშვების დაუღალავი ჟრიამული იყო. ერთმა წამოიძახა კიდეც: “შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი”…

შარშან 156 კილო დაიკრიფა, წელს – ზუსტად 170 და 39 ლიტრი ზეითუნის ზეთი დაიწურა. შარშანდელივით, მცირედს ჩვენს პატრიარქს გავუგზავნით – ქართველების ხელით დაკრეფილი საკურნებლადაც შეერგება. ხოლო, დიდ ნაწილს, კვლავ ჩვენი იერუსალიმელი წინაპრების კანდელებისთვის გამოვიყენებთ.

ფოტოები ვახსენე და ყველა ფოტოზე აღმატებული, იერუსალიმში ქართველთა შეკრების მეორე დღეს, პატარა @კესარია ბართლომეშვილის მიერ ფანქრით გადმოცემული ემოციაა…

ტრადიცია აღდგა და დამკვიდრდა – სვეტიცხოვლობიდან ნიკოლოზ დვალის ხსენების დღის (1 ნოემბერი) შუალედში, შაბათ დღეს ქართველებს იერუსალიმში ერთობით შეკრების, შვილების ურთიერთგაცნობის და ერთმანეთის გაძლიერების კიდევ ერთი დღე ექნებათ…”