ელენე მურვანიძე Microsoft-ის ტექნიკური რეკრუტერი გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ელენე მურვანიძე Microsoft-ის ტექნიკური რეკრუტერი გახდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. ელენე Microsoft-თვის ინჟინრულ პოზიციებზე კადრებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებიდან  შეარჩევს.

Microsoft-ში გასაუბრებამდე, ელენე მურვანიძემ შესარჩევი ეტაპი გაიარა. მსოფლიოს ასობით ქვეყნიდან მრავალ კანდიდატს შორის ელენეს გასაუბრებაზე მიწვევა, თსუ კურსდამთავრებულის აზრით, წარსულში მიღებულმა სასწავლო, თუ სამუშაო გამოცდილებებმა განაპირობა. ელენე მურვანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხური სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის მიმართულებით დაასრულა,  შემდეგ კი მაგისტრატურა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის  პროგრამაზე გააგრძელა.

ადამიანური რესურსების შერჩევის, სწავლებისა და განვითარების გამოცდილება ელენე მურვანიძემ კიდევ ერთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიაში გაიღრმავა. ელენე Pipedrive-ის რეკრუტერი იყო, კომპანია მსოფლიოს გარშემო არსებულ 100 000-ზე  მეტ მცირე თუ საშუალო ბიზნესს გაყიდვების პროცესის გამარტივებასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში კონსულტირებას უწევს. ელენეს აზრით, Microsoft-ის შესარჩევი ეტაპების გადალახვა  საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების  მნიშვნელოვანი დამსახურებაა.

„მოვხვდი კომპანიაში, სადაც უამრავი რამ შემიძლია ვისწავლო და ყოველდღიურად განვვითარდე, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. შესაბამისად, ძირითადად, ამაზე ვიქნები ორიენტირებული. მომავალში კი ახალი უნარებითა და ცოდნით უკეთ მივხვდები რა მიმართულებით მსურს პროფესიული ცხოვრების გაგრძელება.“- განაცხადა ელენე მურვანიძემ