ლევან რუხაძე ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, 1917 წლის დეკემბერში საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო, 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. 1922 წელს დააპატიმრეს და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გაამგზავრეს რუსეთის საკონცენტრაციო ბანაკებში. 1937 წლის ოქტომბერში კი აღმოსავლეთ ყაზახეთის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა ლეო რუხაძეს დახვრეტა მიუსაჯა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა ლევან რუხაძის 1922 და 1936 წლების საგამოძიებო საქმეები.
ეს კი ამონარიდია ლევან რუხაძის დღიურებიდან, რომელსაც იგი აწარმოებდა. წერილში ნათლად ჩანს სამშობლოს მონატრება, საბჭოთა მძიმე სუსხი და ისევ ფიქრები დაბრუნებაზე…
“16 დეკემბერი. დღეს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან, ტფილისის მეტეხის ციხიდან, რუსეთში წამოგვასხეს მხევლებათა და ტყვეებათ 53 მოქალაქე. მთელი დღე ვფიქრობ ამ გამოთხოვების დღეზე. ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილია ჯერაც ცოცხალი შთაბეჭდილებები ამ უკანასკნელი ქართული დღისა, როცა ჩვენ მოგვწყვიტენ დედის მკერდს და რუსეთის ციხეების საფლავებში ჩაგვმარხეს. რამდენი უბედურება დაატყდა ამ ორ წელში საქართველოს, რამდენი მისი შვილი ჩაწვა საფლავში და რამდენმა იმედ გაწყვეტილი ჩაესვენა შიგ. ორი წელი – საშინელი ორი წელი… რამდენს გამოვეთხოვე მაშინ და ვინ იფიქრებდა, რომ ეს იყო უკანასკნელი გამოთხოვება. გოგიტა! წამოვიძახებ ხოლმე, 16 დეკემბრის მოგონებაზე. ცრემლიანი წერილებით დავშორდით ერთმანეთს. იჭვები, იჭვები, იჭვები… აი რა იყო მის მოკლე ბარათებში, რომელიც ციხეში შემოდიოდა ჩემთან. „ვანახვთ კი ერთმანეთს?“ ასე ვეკითხებოდით და ვემშვიდობებოდით მეგობრები. „შენ კიდევ რა გიჭირს, ამხანაგების საერთო ჯგუფში მაინც მოხვდი, ჩვენ კი რა ვქნათ, როცა დაგვიჭერენ ალბათ მეტეხსაც არ გვაღირსებენო“… ასეთი იჭვით და გულისტკენით მეთხოვებოდა ის… და ვაი რომ აუსრულდა ყველაფერი და ალბათ, განმარტოვებულათ ვინ იცის სად ჩაკლეს და რა პირობებში… მძიმეა ჩემთვის 16 დეკემბრის მოგონება. იმ დღეს 19 ნახვა მქონდა, ბევრი მოვიდენ ლეგალური მეგობრები. ვნერვიულობდი, თითქო თავს ვიკავებდი, ჩვეულებრივათ ვოხუნჯობდი, მაგრამ გული სტიროდა, გული სევდით მისივდებოდა. ნახვები, ბაასი, წერილები, მოსაკითხები, შემდეგ ციხის ამხანაგებთან სათითაოდ კიდევ ბაასი, გამოთხოვება და ბოლოს ღამის 11 საათზე დიდება, ისეთი დიდება, როგორიც არასოდეს არ გამიგონია, ვერ გავიგონებ, არ თქმულა და მგონია არც ითქმება. ეს ისეთი ძლიერი, ისეთი ცეცხლოვანი ქუხილი იყო, რომ ასე მგონია დადუმების მოლოდინში მთელი ჩვენი ბგერის ენერგია დავხარჯეთ და ჩვენი გულებიც გასკდა ამ უკანასკნელ დიდებასთან ერთად. ციხის ყველა სართულები სარკმლებში გადმომდგარნი, აივნები გაჭედილი, ეზო სავსე და ვით გრიგალი რაღაც არაჩვეულებრივი გუგუნი, რომლის ტალღები აზანზარებდა ძველ – ხავსმოდებულ მეტეხს და ისტორიულ შეფიცულ ანანიას ატყობინებდა, რომ მისი გაზრდილები არ დანებებიან მტერს და მეტეხისთვის ხმლით კიდევ იბრძვიანო. გათავდა დიდება, ჩაგვივარდა ხმა. თითქო ამ ზესკნელიდან სულ უფსკრულში დავიძირეთ. შემდეგ რუსის ჯარებმა გამოგვიყვანეს. ავტომობილებზე დაგვყარეს. შევსცქეროდი გრ(იგოლ)ს, ყველაზე დაღონებულ გრ(იგოლ)ს, ვერ ნახა ცოლშვილი, ვერ იყო ისეთი ბედნიერი, რომ ახლობლებს გამოთხოვებოდა. მე ძმა მაინც ვნახე, ღვიძლი ძმა და ოჯახის სისხლი. ჰო, დიდი შრომა გასწია მაშინ ჩემზე ვანომ!.. ნავთლუღში რომ მოგვიყვანეს გული თითქო აღარ დამრჩა და მხოლოდ ჯიბით წამოღებულ მაგრათ გახვეულ ერთ მუჭა მეტეხის ქართულ მიწას ვუჭერდი ხელს. რათა, რისთვის? რა ძალა იყო ისეთი, რომ მე მალულათ, მეტეხიდან წამოყვანის წინ, ბნელში ამიყვანა მეტეხის ტაძრის ძირს და დანით ამომაჭრევინა ჩვენებური, ტფილისის რიყის მიწა და ასე ძვირფასათ გამოკრული მაზიდვინა, რომ მთელ იმ ორომტრიალში, თითქო არც ერთ ჩემ საჭირო ნივთს არ დავეძებდი ოღონდ კი ეს ჩემი თვალმარგალიტი, ჩემი უსაიდუმლოესი საუნჯე არ დამკარგოდა? რა ძალა იყო რა, რომ სამშობლოზე ცოცხლათ მოწყვეტის დროს, მაინც მაბრუნებდა უკან და თითქო მატანდა რაღაც ისეთ თილისმას, რომელსაც ყოველ გასაჭირში უნდა გადავერჩინე? არ ვიცი რა ძალა იყო ეს. ვერ ვიტყვი. ზოგიერთი განცდის თქმა ხომ შეუძლებელია. ბევრხელ მიყნოსია ამ მიწისათვის შემდეგ, მიძებნია მშობლიური სუნთქვა. ესეც ხომ თითქო სისულელეა? შეიძლება, მაგრამ მე ასე ვშვებოდი და რა ვქნა. ზოგი შეყვარებული ხომ შეიძლება სიყვარულით გასულელდეს… და ეხლა ვფიქრობ, ვეღირსები იმ დღეს, რომ მივალ ისევ მეტეხის ძირში და დაუბრუნებ მას მალულათ ამოჭრილ ჩვენი ტფილისის რიყის ერთ სილიან ბელტს? ვინ მოესწრება ამას. ორმა წელმა ბევრი იმედი წამიშალა. ბევრ მეგობარს, საყვარელ მეგობარს ვეღარ ვნახავ. საქართველოს ტრაღედიამ წაიღო მთელი თაობა, ბედნიერი თაობა, რადგან ბედნიერათ ვსთვლი მე მათ ვინც დაიხოცენ, მაგრამ სიკვდილით კი არასოდეს არ მოკვდებიან. სალამი ორი წლის თავზე ჩემო საქართველო, შენდან გამოყოლილი სითბო ჯერაც მათბობს და მაცოცხლებს. ნურამც დაბრუნებულა შენთან ის გული შენზე რომ გაცივდება. გიცდი, გიცდი, ლოდინში ვკლავ დღეებს და თუ მოვკვდები ამ ლოდინში ეს სიტკბოა, ჩემო კარგო, რადგან სიყვარულში სიკვდილი ბედნიერებათ მიმაჩნია. გკოცნი, გკოცნი დღეს ჩემო საქართველოვ და შენც გამიახლე შენი შაქრის ამბორი, რადგან ორი წელია რუსის ყინული მადნობს და თავისი სუსხით მეპარება… დღეს შენთან ვარ, ისე როგორც მუდამ, და შენც ჩემთან იყავი, ჩემო საქართველო, მუხლ მოყრილი და ქედმოხრილი მე შენზე ვლოცულობ ეხლა, ორი წლის თავზე, განშორებიდან ორი წლის საზღვარზე და გიახლებ ჩემ ამბორს, რომ შენგანაც სამაგიერო მივიღო… „