ეკატერინე გორგოძემ რუმინეთში მიმდინარე WTA 250 Transylvania Open-ის წყვილთა გათამაშება მოიგო, 24 საფეხურით დაწინაურდა და წყვილთა თანრიგის განახლებული რეიტინგით 78-ე ადგილი დაიკავა.
მან და მისმა რუმინელმა მეწყვილემ, ირინა ბარამ ნახევარფინალში რუმინელები ბეგუ/მიტუ სამ სეტში ანგარიშით 6:3 2:6 10:7 დაამარცხეს. წყვილთა თანრიგის ფინალში კი ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე/კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6 6:1 11:9 დაამარცხეს.
ეკატერინე გორგოძემ რუმინეთიდან არგენტინაში გადაინაცვლა და WTA Argentina Open ერთეულთა და წყვილთა ბადეში ასპარეზობს. ეკატერინეს მეწყვილე ისევ რუმინელი ირინა ბარა იქნება. ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში, ტურნირზე მერვე ნომრად განთესილი გორგოძის მეტოქე არგენტინელი Victoria Bosio იქნება. რაც შეეხება წყვილთა გათამაშებას, ქართველი და რუმინელი სპორტსმენები ტურნირზე პირველ ნომრად არიან განთესილები და მათი პირველი მეტოქეები არგენტინელი ჩოგბურთელები იქნებიან .