საბერძნეთში, ქართულ- ბერძნული ასოციაციის შენობაში, ქართული წიგნის „საქართველო იქ არის“ პრეზენტაცია შედგა, პროექტის ავტორები საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ „ელადას” ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელი რუსუდან ჯანელიძე და გაზეთ „ელადას „ დამფუძნებელი და რედაქტორი ანა ყურშავიშვილი არიან. წიგნი საბერძნეთში საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარის – იზო დაშნიანის თანადგომით გამოიცა და მასში მოთხრობილია საბერძნეთში მცხოვრები ასზე მეტი ემიგრანტის ცხოვრების შესახებ.
„წიგნის – “საქართველო იქ არის” შესავალში დავწერე კიდეც, რომ ეს წიგნი არაფრით არის განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი, უბრალოდ დამებადა იდეა, ემიგრანტი ქალბატონების ახალგაზრდა თაობის და აქ დაბადებული ბავშვების აქაური ყოფა წიგნად აკინძულიყო, რათა შემდგომში მომავალ თაობებს დარჩენოდათ. “საქართველო იქ არის” – გრიგოლ რობაქიძის ეს გენიალური სიტყვები, ულამაზეს თავსამკაულად დაეფინა არაჩვეულებრივ წიგნს, რომლის წარდგენამ, საზეიმო განწყობა შეგვიქმნა და ერთმანეთს ხალისით შეგვახვედრა, ამ შეხვედრას მე – მონატრების შეხვედრა – დავარქვი” – აღნიშნა რუსუდან ჯანელიძემ.