სერბული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

საქართველო სერბეთიდან მაღალრეიტინგული ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მასპინძლობს. პრეს-ტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ალავერდი, შილდა, სიღნაღი, ბოდბე, ქუთაისი, წყალტუბო, მესტია, უშგული მოინახულეს. დაათვალიერეს მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, ასევე ეწვივნენ ვანს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ 30 წუთიან რეპორტაჟს მოამზადებენ გადაცემა „პლანეტარიუმისათვის“. გადაცემას საშუალოდ 2.2 მილიონი მაყურებელი ჰყავს, ხოლო მეორე გადაცემაში “Vrele Gume“ ჟურნალისტები 30 წუთის განმავლობაში მაყურებელს მოუთხრობენ საქართველოში ავტომობილით მოგზაურობის უპირატესობაზე, გადაცემის მაყურებლის საშუალო რაოდენობა 1.4 მილიონს შეადგენს.

პრეს-ტურის შემდეგ ოთხი 5 წუთიანი ვიდეო რგოლი „Georgia From my Angle“ მომზადდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს გასტრო-კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე სამზარეულოს შესახებ სამი სტატია გამოქვეყნდება, ცალკე სტატია მიეძღვნება ქართულ მუზეუმებსა და დაცულ უნიკალურ რელიკვიებს. პარალელურად ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტები და ბლოგერები სტატიებს, ბლოგებს, ფოტო-ალბომებსა და ჩანახატებს მოამზადებენ ბალკანეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისა და ვებ-გვერდებისთვის.

 “დღეს ჩვენ ცნობილ ღვინის რეგიონში ვიმყოფებით, დავათვალიერეთ ეკლესიები. საქართველოს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენ ვაპირებთ მთიანი რეგიონების მონახულებას. საქართველოს შეუძლია ძალიან ბევრი რამ შესთავაზოს მოგზაურებს. საქართველოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ ადგილას მოვხვდი. ეს არის ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება საოცარი ხალხით. მე ვურჩევ როგორც სერბებს, ასევე ბალკანეთის რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომ საქართველოში იმოგზაურონ.“ -აცხადებს ტურის მონაწილე სერბი ჟურნალისტი.

სერბული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუმრობენ.