20-23 ოქტომბერს მესტიაში „კლდის ვეფხვად“ წოდებული, სახელოვანი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის ტრადიციული ღია საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა მეკლდეურობაში (სპორტულ ცოცვაში). წელს შეჯიბრში, პანდემიიდან გამომდინარე, მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლები – კლუბი პროქლაიმბი, თბილისის, ნიქოზის და მესტიის მეკლდეურთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი სამ სახეობაში – ხელოვნურ რელიეფზე რთულ, სწრაფ და ჭალაადის ბუნებრივ კლდეებზე ინდივიდუალურ ცოცვაში ჩატარდა. ფინალში ადგილები ასე გადანაწილდა:
რთული ცოცვა ვაჟები: პირველი ადგილი – ბერდია მერლანი; მეორე ადგილი – სოსო გაბულდანი; მესამე ადგილი – ნიკოლოზ ბერუაშვილი. რთული ცოცვა გოგონები: პირველი ადგილი – ნიცა თვაური; მეორე ადგილი – მარიამ მელანაშვილი; მესამე ადგილი – მარიამ კიწმარიშვილი.
სწრაფი ცოცვა ვაჟები: პირველი ადგილი – ბერდია მერლანი; მეორე ადგილი – ნიკა იოსელიანი; მესამე ადგილი – სოსო გაბულდანი. სწრაფი ცოცვა გოგონები: პირველი ადგილი – მარიამ გიგანი; მეორე ადგილი – ნიცა თვაური; მესამე ადგილი – სალომე სანაძე.
ინდივიდუალური ცოცვა ბუნებრივ კლდეებზე ვაჟები: პირველი ადგილი – გიორგი ჯაფარიძე; მეორე ადგილი – ავთანდილ ქურასბედიანი; მესამე ადგილი – სოსო გაბულდანი. ინდივიდუალური ცოცვა ბუნებრივ კლდეებზე გოგონები: პირველი ადგილი – მარიანა მარიამ იოსელიანი; მეორე ადგილი – ნიცა თვაური; მესამე ადგილი – მარიამ კიწმარიშვილი.
გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა მესტიის ნაკრები გუნდი, რომელსაც გადაეცა მიხეილ ხერგიანის სახელობის გარდამავალი თასი. მეორე ადგილი დაიკავა კლუბმა პროქლაიმბმა, ხოლო მესამე ადგილზე თბილისის ნაკრები გუნდი გავიდა.
„ქართული კვირა“ ბუნებრივ კლდეებზე ინდივიდუალურ ცოცვაში პირველი ადგილის მფლობელს – მარიანა მარიამ იოსელიანს დაუკავშირდა და გაესაუბრა.
-დიდხანს ემზადებოდით ამ შეჯიბრისთვის?
-გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან ვთანამშრომლობ, დროის უკმარისობის გამო დროულად ვერ დავიწყე მომზადება, თუმცა თეატრის დირექტორმა მითხრა, ოღონდ შენ წადი და გვასახელეო და ერთი თვით ადრე გამიშვეს სავარჯიშოდ. რადგან ვერ ვეტეოდი დროში, იმ ერთ თვეში გადავედი სრული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებაზე და მართლაც, ისეთი შედეგი დავდე მეც კი ვამაყობ, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ გულშემატკივარს აქვს ძალიან დიდი ძალა და ვფიქრობ, ეს მოგებაც მათია. ჩემპიონობას არ აქვს მუღამი, თუ არ დაიმსახურე და ეს დამსახურება მოიაზრება შენს ხალხში. ამიტომ ვამაყობ ჩემი გულშემატკივრებით. რეალურად ყველა ჩემი ჩემპიონობა მათი დამსახურებაა. და კიდევ, მთავარი, რისი თქმაც მინდა: ლეგენდარული პიროვნების, კლდის ვეფხვად წოდებული მიხეილ ხერგიანის მემორიალი აუცილებლად უნდა იყოს უნიკალურ დონეზე. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ მისი სახელი უკვდავია და მისი კუთხე, სვანეთი სიამაყით ატარებს ამ მემორიალს და ვიმედოვნებ, რომ წელიწადში ერთხელ, 4 დღით მაშტაბურად გავაცოცხლებთ მიხეილ ხერგიანის სახელს!
-თქვენ აღნიშნეთ, რომ ახლა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობთ…
-მე-4 თვეა რაც სვანეთში ვიმყოფები, მოწვეული მსახიობი ვარ მთავარ, ნადირობის ქალღმერთის როლზე სპექტაკლში “ბეთქილი” და რა თქმა უნდა, იქაც ცოცვა მიწევს და ჩემდა სასიხარულოდ ეს როლი რაღაცნაირად ძალიან ჩემი აღმოჩნდა ხასიათით და განწყობით…
-როგორც ვიცი მრავალგზის ჩემპიონი და ასევე მეკლდეურობაში ევროპის ერთადერთი პრიზიორი ხართ საქართველოდან. სამომავლოდ რას გეგმავთ?
-უამრავი ჯილდო მაქვს, საქართველოს ჩემპიონატის ყველა ასპარეზობაზე პირველი ადგილი მაქვს აღებული, წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მეორე ადგილს დავჯერდი და ძალიან სამართლიანად მოიგო იმან, ვინც იშრომა. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ რაღაც დროით ჩემპიონატებისაგან თავი შევიკავო, თუ სასურველი შედეგი არ მექნება. მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი – სადაც ბუნებრივ კლდეებზე ცოცვა იქნება მეც იქ ვიდგები. მოკლედ ეს ის საქმეა, რისთვისაც დავიბადე.