გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.
ციურიხში გახსნილი ქართული ღვინის გალერეა 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს შესთავაზებს მყიდველს.
გალერეის გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ბიზნესწრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ზვიად არაბიძის განცხადებით, 8 ათასი წლის ისტორიის ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, შვეიცარიაში გახსნილმა ქართული ღვინის პირველმა გალერეამ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ღვინო შესთავაზოს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურა და ისტორია გააცნოს.“ – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.