19 ოქტომბერს ქალაქ ბარიში, საქართველოს გენერალური საკონსულოს მოწვევით, საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, ბარიში არსებული ქართულ-იტალიური ასოციაცია „იმედის” აღსაზრდელებს სპეციალურად მათთვის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები გადასცა.
შეხვედრაზე, ელჩმა ისაუბრა დიასპორის წინაშე მდგარ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებსა და შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე ეროვნული და კულტურული თვითშეგნების შენარჩუნების საქმეში.
საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ და ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ვახტანგ ანდღულაძემ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ცინარი ღვალაძეს და ასევე, აღნიშნულ პროცესში ჩართულ ყველა თანამემამულეს მათი ძალისხმევისა და საკვირაო სკოლის დაფუძნებაში შეტანილი წვლილისათვის.ღონისძიების ფარგლებში, ქართველმა დიპლომატებმა ისაუბრეს ქართული ენისა და კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის აუცილებლობასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაფუძნებული ქართული საკვირაო სკოლების მომავალში თანამშრომლობისა და დაძმობილების შესაძლებლობაზე.