19 ოქტომბერს პროექტის „TechGirls Georgia“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ეს არის პროექტი, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის – ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/ საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანი იყო ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ამ სფეროში არსებული სტერეოტიპების დაძლევა და გოგონების ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შეირჩა 25 მოსწავლე გოგო (VIII-XI კლასები), რომლებიც პროფესიის არჩევის ეტაპზე იმყოფებოდნენ. პროექტი ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა და მოიცავდა როგორც სასწავლო სესიებს, ისე მენტორინგის პროგრამას. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში გოგოები შეხვდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებულ ადამიანებს და გაეცნენ ციფრული ტექნოლოგიების სფეროს მრავალმხრივ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ივლისსა და აგვისტოში ჩატარებული ერთკვირიანი ბანაკების მონაწილეებმა შეისწავლეს მიკროელექტრონიკის კომპონენტები და პროგრამირების საფუძვლები Calliope mini-ის საშუალებით.
პროექტის შედეგად დაარსდა ტექგოგოების კლუბები თბილისსა და ახმეტაში, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ სხვადასხვა აქტივობა ტექნოლოგიების მიმართულებით და თანატოლებს პროექტით მიღებული ცოდნა გაუზიარონ.