1845 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ განჯაში სამშობლოსაგან შორს მყოფი, მარტოსული, სევდიანი ქართველი პოეტი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ის მხოლოდ 27 წლის იყო, მაგრამ მისი შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალადაა აღიარებული. ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში.
წერილში, რომელსაც ‘მერანის“ ავტორი გრიგოლ ორბელიანს უგზავნის კარგად ჩანს ახალგაზრდა პოეტის სევდა, უბედობა და „მკაცრი ბედი“ რომელიც მას ცხოვრებაში ერგო…
“აგერ წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებოდი სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზე და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущностъ моя представляласъ мне в радужных мечтаниаях, და არც მერმე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ, ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყვე უარი მათი და მით უსიამოვნება, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო… არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა: “შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასო, შენს სახლს არ უპატრონებო?” ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება.ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება! ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას!”