“ვეფხისტყაოსანი” ბენგალურ ენაზე ითარგმნა

დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც აღიარებულია მსოფლიო კლასიკური პოეზიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად მისი ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანიზმით სავსე იდეებით, უკვე ბენგალურ ენაზეც ითარგმნა. პოემა დღემდე თანამედროვეა და თარგმნილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ჰინდი და ახლა უკვე ბენგალურ ენაზე. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში ავრცელებს.

2022 წელს საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მეგობრობის 30 წლისთავი აღინიშნება. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არა რეზიდენტი ელჩის, არჩილ ძულიაშვილის ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოს საპატიო საკონსულოს ბანგლადეშში მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის  უდიდეს პოემას „ვეფხისტყაოსანი“. ორ ქვეყანას შორის 30 წლიანი ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოს საპატიო საკონსულომ ბანგლადეშში გადაწყვიტა ამ დიადი ეპიკური პოემის თარგმნა ბენგალურ ენაზე, რაც ბენგალელ ხალხს მისცემს შესაძლებლობას გაიცნოს და გაიზიაროს ქართული ლიტერატურის შედევრი.

ეს პოემა გახლავთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონებს.

საქართველოს საელჩო დელიში მადლობას უხდის  ტაჰერულ ისლამ ტაჰერს წიგნის წარმატებული თარგმანის მომზადებისთვის. საელჩო ასევე გამოხატავს მადლერებას  მაჰმუდალ ჰასანის, მხატვრის მიმართ, რომელმაც მოამზადა შესანიშნავი ილუსტრაციები წიგნისთვის და ისინი ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებებს მიუსადაგა.

„მივესალმებით “ვეფხისტყაოსნის’ გამოცემას უძველეს ბენგალურ ენაზე, რომლის სიდიადე უკვდავყო მსოფლიოს უდიდესმა პოეტმა, რაბინდრანათ თაგორმა. ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე განსაკუთრებულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ინდოეთსა და ბანგლადეშში და იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო რუსთველოლოგიის განვითარებისათვის, არამედ კაცობრიობისთვისაც, ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნათარგმნი წიგნი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მას წარადგენს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ელჩთან ერთად. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ბენგალელი მკითხველისათვის.