2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა საბერძნეთში – დავით დონდუამ და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსის რექტორმა, პროფესორმა ვასილის ბოტოპულოსმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ვებსტერის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
განახლებული მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ უფრო მეტ ქართველ სტუდენტს, მცხოვრებს როგორც საბერძნეთში, ისე საქართველოში, გაუმარტივდება ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსში უმაღლესი განათლების მიღება. კონკრეტულად კი, განახლებული მემორანდუმის თანახმად:
ყოველი აკადემიური წლის განმავლობაში საბერძნეთში 70% ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომელსაც ბაკალავრიატში სწავლის სურვილი აქვს და ერთ მოქალაქეს, რომელსაც მაგისტრატურაში სურს სწავლის გაგრძელება.
ყოველი აკადემიური წლის განმავლობაში, ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსში საბაკალავრო საფეხურზე 30% ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა ჩვენს ათ თანამემამულეს, მცხოვრებს საქართველოში, ან საბერძნეთში (5+5);
30% ფასდაკლებით ისარგებლებს ასევე მაგისტრატურაში სწავლის მსურველი, საქართველოში ან საბერძნეთში მცხოვრები ათი (5+5) უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსს.