თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტების გუნდი მსოფლიო მასშტაბის 3000-ზე მეტ უნვერსიტეტს შორის გამართულ ICPC-ის (International Collegiate Programming Contest) შეჯიბრში ფინალში გავიდა და 50-ე ადგილი დაიკავა. გუნდის წევრები არიან სანდრო ხოხიაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი და ბაქარ გამეზარდაშვილი.
ICPC-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და საწყის ეტაპზე მასში მონაწილეობს 60 000-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 3 000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან. შესარჩევი ეტაპების შემდეგ გამოვლინდა 120 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთმანეთს უკვე ფინალში შეეჯიბრნენ.
კონკურსის ფინალში საქართველოს გუნდი მხოლოდ მეოთხედ გავიდა. აქედან, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებმა ეს მეორედ შეძლო (პირველად – 2015 წელს). მნიშვნელოვანია ისიც, რომ წლევანდელ შეჯიბრში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის გუნდზე უკეთესი შედეგი აჩვენა და თითქმის ორჯერ გააუმჯობესა საკუთარი 2015 წლის შედეგი.
“შეჯიბრის სპონსორები იყვნენ Google, Intel, IBM, Huawei და სხვა წამყვანი გლობალური IT-კომპანიები, რომლებისთვისაც ეს ოლიმპიადა კადრების მოძიების კარგი საშუალებაა” აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის განცხადებაში.