ყაზახეთში, აქთუბეს თოჯინების სახელმწიფო თეატრში კლასიკოსი ქართველი მწერლის – ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ თოჯინების საშუალებით გაცოცხლდა. აქთუბეს თეატრი – ყაზახეთის ერთ-ერთი საუკეთესო თოჯინური თეატრია, რომელიც ცენტრალურ აზიაში ასეთი ტიპის თეატრებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, ინსცენირების ავტორი ელენა ლოშკინაა, ხოლო რეჟისორი ანტონ ზაიცევი
„რეჟისორმა ორიგინალურად გააცოცხლა დუმბაძის გმირები, რომლებსაც ფრაგმენტებისა და დეტალების სახით ვხედავთ. თითქმის მთელ წარმოდგენას მაყურებელი ძაღლის თვალით უყურებს, ამიტომაც ვხედავდით პერსონაჟთა დეტალებსა და გმირს ძაღლს, ორიგინალურ, მეტყველ, მგრძნობიარე თოჯინას, რომლის შინაგან სამყაროში ღრმად ვიხედებით. რეჟისორმა ანტონ ზაიცევმა, მხატვარმა ასია კურმანალინამ და აქთუბეს თოჯინების თეატრის მსახიობებმა სცენაზე ნოდარ დუმბაძის არა მხოლოდ ტექსტი, არამედ მწერლის სულიერი სამყარო გააცოცხლეს, რომელიც თავისი მსოლფლმხედველობით შორდება ქართულს და გლობალურ მასშტაბს იძენს. ამის დასტური იყო აქთუბეს თეატრის სპექტაკლი, რომელმაც ააღელვა არა მარტო ყაზახი მაყურებელი, არამედ თეატრალური ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან“ ამბობს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც სპექტაკლს დაეწრო.