რთველის დღესასწაული, რომელიც საფრანგეთში, მონმარტრში, ტრადიციულად ყოველი წლის ოქტომბერში იმართება წელს 9 ოქტომბერს ჩატარდა, ქართული კულტურის ცენტრი “ლაზი” ტრადიციულად ღონისძიების მონაწილე იყო; მსვლელობა მონმარტრის ვენახებიდან 11:30 ზე დაიწყო და მას უამრავი ადამიანი დაესწრო, რადგან სანახაობა ძალიან ფერადი და შთამბეჭდავი იყო, ხოლო ქართული ეროვნული სამოსითა და ქართული ცეკვებით კულტურის ცენტრმა „ლაზი“ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
12 წლის წინ, პარიზში ახალგაზრდა წყვილმა ეკა ბოდოკიამ და დაჩი ჩაგანავამ საფუძველი ქართულ კულტურულ ასოციაციას ჩაუყარა. ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მალევე იქცა ემიგრანტებისთვის გამორჩეულ ადგილად, ფრანგებს კი ახლოს გააცნო საქართველო. ასოციაციის დიდი დამსახურებაა, საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ, ქართული ცეკვის როგორც, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა. სხვადასხვა ღონისძიებებზე ,,ლაზს“ ფრანგები ხშირად გულშემატკივრობენ და გამამხნევებელ შეძახილსაც აყოლებენ – ,,la Géorgie”.