საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „FÜR ALEKO“ (ალეკოსთვის). ექსპოზიცია ეძღვნება გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის – ალექსანდრე ადამიას ხსოვნას.
გამოფენა აერთიანებს იმ მხატვრებს, რომლებიც 2013 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მონაწილეობდნენ დრეზდენის საერთაშორისო პლენერსა და გამოფენაში – „კულტურა.სინქრონი“, რომელიც მხატვარმა გერმანიაში მისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე დააარსა და რომელიც აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მისი გარდაცვალების შემდეგაც ხორციელდება. დრეზდენის პლენერისა და გამოფენის მთავარი იდეა ორ ქვეყანას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო დიალოგია და პროექტს დღეს მხატვრის მიერ სიცოცხლეშივე მიღებული გადაწყვეტილებით სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგები – მარიამ შაქარაშვილი და ბექა საყვარელიძე ხელმძღვანელობენ. პროექტის ფარგლებში 32 სტიპენდიანტს მიეცა ევროპული კულტურის ახლოს გაცნობის საშუალება.
პროექტში მონაწილეობენ: მარიამ შაქარაშვილი, ბექა საყვარელიძე, ჯულია სანიკიძე, გიორგი შალიკაშვილი, ნანუკა გოგოლაშვილი, შაკო ხრიკული, ვერიკო იობაშვილი, ლუკა გუგუშვილი, ქართლოს ბიკაშვილი, მედეა კედელაშვილი, ია კანკია, ლუკა ჯანხოთელი, ნატალია ლაშხი, გაიოზ ჯინჭარაძე, ანა სიმონგულოვი, ზურაბ ზურაბაშვილი, ლიზა კვანტალიანი, დავით გოცირიძე, მარიამ იჩქითი, ნიკა ხაბელაშვილი, ნინო ქარსამაული, შოთა თეთრაძე, ლიკა რუსაძე, ელენე ობგაიძე.
„გამოფენაზე წარმოდგენილ 25 მხატვარს ალეკო ადამიას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აერთიანებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოფენა თემატურად ასახავს იმ ბმას, რომელიც აკავშირებს წარსულს მომავალთან და მკაფიოდ გვაჩვენებს იმას, თუ, როგორ რეფლექსირებენ ეს კავშირები აწმყოსთან“ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
გამოფენა 12 ოქტომბერს გაიხსნება.