ოლბიაში (იტალია) მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვს გამარჯვებით სძლია და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს მსოფლიო პირველობის ოქროც შემატა. მესამე საშეჯიბრო დღეს კი საქართველოს ნაკრების მონაგარი მეორე ოქროს მედლით შეივსო. საქართველოს ჰიმნი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის გიორგი შერაზადიშვილმა ააჟღერა.
კადეტებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა მექსიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ყაზახეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, ფინალში კი კადეტებში ევროპის ჩემპიონს, რუსეთის წარმომადგენელ ადამ ჩეხოევს მოუგო და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.