“ბავშვობაში მამის სამუშაო რვეულების მეორე მხარეს ხატავდა, ნორმალური სამუშაო ქაღალდის საშუალება ალბათ მაშინ არ ჰქონია” ამბობს მარინა ოცხელი, სულ პატარამ ბანაკში ძმასთან ერთად გააფორმა “პირველი სპექტაკლი“ დახატეს მიზანსცენები და მუყაოსაგან პერსონაჟები გამოძერწეს.
ის მხატვარია, რომელმაც დროს გაუსწრო და წითელმა ტერორმა იმსხვერპლა,ის პეტრე ოცხელია – ყველაზე განუმეორებელი 29 წლის ბიჭი, რომელსაც 1937 წელს, როგორც „სამშობლოს მოღალატეს“ დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს მის შემოქმედებას, რაც დღეს ეროვნული საგანძურია. ის დღესაც თანამედროვეა- ეს არის მისი ერთ ერთი ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი.
ქართველი მოდერნისტი მხატვრის დებიუტი თბილისის მუშათა თეატრში, სპექტაკლში „ცეცხლის გამჩაღებლები“ შედგა, აქ პეტრე ოცხელი ქართული თეატრის რეფორმატორმა, კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა – სწორედ მარჯანიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში სინთეზური თეატრის შექმნა, რაშიც დიდი წვლილი პეტრე ოცხელის სცენოგრაფიასაც მიუძღვის, დიდი მაესტრო და ახალგაზრდა მხატვარი 1928 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო დრამის თეატრში ერთად მუშაობენ, იდგმევა წარმატებული სპექტაკლები.ეს ნამდვილი ოქროს ხანაა ქართული თეატრის ისტორიაში, ქართული რეჟისორული თეატრის დასაწყისი დაკავშირებულია კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის შემოქმედებასთან, ხოლო ორი მხატვარი – პეტრე ოცხელი და ირაკლი გამრეკელი არიან თანამონაწილენი ქართული რეჟისორული თეატრის შექმნისა და განვითარებისა. პეტრე ოცხელის გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: „ურიელ აკოსტა“ „კაკალ გულში“ „ბეატრიჩე ჩენჩი“ „მუნჯები ალაპარაკდნენ“
1933 წელს მოსკოვში მყოფი კოტე მარჯანიშვილი ოცხელს წერილს წერს, დიდი მაესტრო „პეტიას“ ბედისწერასა, სიკვდილსა და წარმატებაზე ესაუბრება…“ბედმა დაგაჯილდოვა უდიდესი ნიჭით და შენ ვალში ხარ მის წინაშე. შენ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხარ და სიკვდილზე არ ფიქრობ. სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობს. სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი ანუ სამარადისოდ დავიწყება ეწოდება“
კოტე მარჯანიშვილი პეტრე ოცხელის დაპატიმრებას არ მოსწრებია,ის ამ ბარათის დაწერიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, ოთხი წლის შემდეგ კი – დეკემბრის თვეში, პეტრე ოცხელმა სიკვდილზე გაიმარჯვა. მხატვარი სტალინურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა. მაგრამ ვერაფერი დააკლო მსოფლიო მასშტაბის ხელოვანის შემოქმედებას, რაც სწორედ რომ სიკვდილზე გამარჯვებაა.
1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს მედლით დააჯილდოვეს. 1937 წელს კი კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მაშინ, პეტრე ოცხელი სამშობლოში მტრად იყო გამოცხადებული…
რეპრესიებს შეწირული 29 წლის ბიჭი, რომელიც პირველ ნახატებს მამის სამუშაო რვეულების მეორე მხარეს ასრულებდა და საოცრად შრომისმოყვარე და გამაოგნებლად ნიჭიერი ხელოვანი – რომელმაც დროს გაუსწრო – ეს პეტრე ოცხელია. 8 ოქტომბერი მისი დაბადების დღეა…