„აღმოაჩინე აჭარული სამზარეულო“ – ამ სათაურით სტატიას National Geographic Traveller Food აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა მილიონობით გამომწერს აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებზე ესაუბრება და მათი მომზადების წესს აცნობს.
სტატია ქართული სუფრის აღწერით იწყება. „ქართული სუფრა უნიკალურია. ეს არის უზომოდ დიდი პროპორციებისა და მრავალფეროვანი კერძების დღესასწაული. ქართული სამზარეულო ძირითადად, ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, საკვების მომზადების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებითა და მაგიდის ტრადიციული განლაგებით, რომელსაც ქართულ სუფრაზე უკეთ არაფერი წარმოაჩენს,“ ნათქვამია სტატიაში.
ქართულ სუფრასა და თამადის როლზე საუბრის შემდეგ ბრიტანული გამოცემა აჭარულ სამზარეულოზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რეგიონის სამზარეულოზე გავლენა კავკასიურმა, აღმოსავლეთ ევროპულმა და ახლო აღმოსავლეთის კულინარიულმა ტრადიციებმა იქონიეს.
აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებში კი National Geographic Traveller Food აჩმას ასახელებს და მკითხველს მისი მომზადების წესს აცნობს. „აჭარული ლაზანია“, რომელიც ყველისა და თხლად გაყვანილი, წინასწარ მოხარშული ფენებისგან მზადდება სადღესასწაულო კერძია. აჩმის სერვირება უმჯობესია ცხლად – დამდნარი ყველის თხელი ფენები, კომბინირებული კარაქთან ერთად, მას მდიდარ, მაგრამ ამავდროულად მსუბუქ არომატს სძენს.“
National Geographic Traveller Food-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო გემრიელი კერძების მეშვეობით. აჭარის შემთხვევაში, გამოცემა რეგიონის, როგორც ზღვისპირა მხარის უპირატესობაზე საუბრობს, სადაც თევზეულის მრავალფეროვანი არჩევანია.
„რადგანაც აჭარა ზღვისპირა რეგიონია, ის შავი ზღვის თევზის მრავალსახეობას გვთავაზობს, რომელთა შორის ზოლიანი, წითელი „ბარაბული“ განსაკუთრებით გამორჩეულია. ბარაბული ამოსვრილია ფქვილში, ოქროსფერ შეფერილობამდე შემწვარია ზეთში და სერვირებულია ლიმონის ნაჭრებთან ერთად. მას ძირითადად, თან ახლავს ტრადიციული ტკბილ – მჟავე სოუსი ტყემალი და ხშირად მიირთმევენ ცივ ლუდთან ერთად.“ სტატია აჭარულ დესერტზე „მაჯუნი“ საუბრით სრულდება, რომელიც ძირითადად დღესასწაულებზე თაფლის, ბრინჯისა და შავი წიწაკისგან მზადდება.
National Geographic Traveller Food-ის საშემოდგომო ნომერში აჭარულ და ზოგადად, ქართულ სამზარეულოს მკითხველი იტალიური, ესპანური, ბერძნული, მექსიკური და კულინარიით გამორჩეული ქვეყნების გვერდით იხილავს.