ინგლისური ენის სტუდია „ინოვაციის“ ისტორია 25 წლის წინ იწყება, როცა საგანმანათლებლო დაწესებულებას ეს სახელი ჯერ კიდევ არ ერქვა და მეთოდები, რომლებითაც იქ ასწავლიდნენ, საქართველოსთვის უცნაური და სახელის შესაბამისად, ინოვაციური იყო. დღესდღეობით, „ინოვაცია“ინგლისურენოვან პროგრამებს ყველა ასაკის ადამიანს სთავაზობს. როგორც სტუდიის დამფუძნებელი ნინო მაღედანი „ქართულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათ აქვთ სპეციალური პროგრამა ემიგრანტებისთვის, რომელიც ინგლისური ენის სწავლებასთან ერთად, ქოუჩინგის მიმართულებასაც გულისხმობს. ამ პროგრამის დახმარებით, „ინოვაცია“ ემიგრანტებს ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებაში და სამშობლოში უმტკივნეულოდ დაბრუნებაში ეხმარება.
კონკრეტულად, რას მოიცავს საგანმანათლებლო სტუდიის საქმიანობა და რა მეთოდებით განსხვავდება ის ჩვეულებრივი სასწავლო დაწესეეულებებისგან? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ.
-კონკრეტულად, რა განასხვავებდა თქვენთან სწავლის პროცესს და რა ხდიდა მას ინოვაციურს?
-იმდროინდელი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თამაში ასოციაციობანა იყო. მე ეს თამაში სასწავლო პროცესს მოვარგე, მისი ინტერპრეტირება შევძელი და ინგლისური ენის სწავლებისა და განვითარების ერთ-ერთ მეთოდად გამოვიყენე. ეს ბავშვს აძლევდა მოტივაციას, ეაზროვნა სწრაფად და მოეგო თამაში. მოგვიანებით, ამ თამაშისთვის პრიზებიც დავაწესეთ. ამ დროს ხალისით, გონებისდაუძაბავად იწყებდა ბავშვი სწავლას თამაშის პროცესში. ჩემი მიზანი, ფაქტობრივად, მიღწეული იყო, რადგან მსურდა, მეც და ჩემს მოსწავლეებსაც სწავლებისაგან სიამოვნება მიგვეღო.
შემდეგ ვიფიქრე, რომ ახალ საფეხურზე გადასვლა გვჭირდებოდა გადავწყვიტე, მხატვრული ლიტერატურა მათთვის სახლში საკითხავად კი არ მიმეცა, არამედ ის წიგნი, რომელსაც წავიკთხავდი, სპექტაკლად დაგვედგა და მინი პიესები გვეთამაშა. ის, რასაც ახლა საგანმანათლებლო სისტემასკოლებში მასწავლებებლებს ავალდებულებს, მე 25 წლის წინ ჩემი სურვილით შემოვიტანე. ვიცოდი, რომ ეს გაამართლებდა. როცა პიესების ძიება დავიწყე,აღმოჩნდა, რომ ბაზარი ძალიან მწირი იყო. ნაწარმოები ვიპოვე, ვიქირავეთ პატარა სცენა და დავდგით. სპექტაკლში არ გავაკეთე აქცენტი ინგლისური ენის სწავლასა და ცოდნაზე, არამედ იმაზე, რომ მათ ინგლისურად ეთამაშათ და ამისგან სიამოვნება მიეღოთ.
როდესაც ბავშვს რაიმე უყვარდება, მერე მას ხანგრძლივად სიამოვნებით აკეთებს. ამიტომაცვთვლი, რომ ჩემი სტუდია „ინოვაციის“ სწავლების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ეს არის- პირველ რიგში, ვიწყებ მოზარდისთვის იმ გარემოს შექმნას, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს და სიამოვნებით დაიწყებს სწავლას.
-როდის მიიღო თქვენმა საქმიანობამ სტუდიის სახე?
-2 წლის წინ თბილისში ვესწრებოდი ერთ-ერთ ქოუჩ-ტრენინგს, სადაც ბიზნესმოდელის მაგალითი უნდა განხილულიყო. მე გამოვთქვი სურვილი, ჩემი მაგალითი განგვეხილა. როდესაც ჩემი სტუდიის შესახებ მოვყევი და ვთქვი, რომ მსურდა, მას სტუდიის ფორმა მისცემოდა და რაღაც სხვა ტიპის სასწავლებელი გამხადარიყო, მსმენელებმაც და ტრენერმაც თქვეს, რომ მე, ფაქტობრივად, უკვე მქონდა სტუდია. ერთადერთი, რაც ჩემს სტუდიას აკლდა, ფართი იყო. ჩემი მეგობრების დახმარებითადა ღვთის წყალობით, ფართი შევიძინეთ. სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ სახელზე ფიქრი. როდესაც ტიპური საგანმანათლებლო დაწესებულება გაქვს, არ არის რთული სახელი მოიფიქრო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს ასე არ იყო. მივხვდით, რომ ინოვატორები ვიყავით ჯერ კიდევ 25 წლის წინ. პრეტენზია გამიჩნდა, რომ იმ ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ისევ ინოვატორები გავმახდარიყავით. ამიტომ დავარქვით ეს სახელი.
-დღეს რას სთავაზობთ მომხმარებლებს და რა შედეგს ჰპირდებით? ასევე, საინტერესოა, რა ასაკიდანაა შესაძლებელი თქვენთან სწავლა?
-ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. 25 წლის წინ 5 წლის ბავშვი მომიყვანეს ინგლისურის შესასწავლად.იმ დროს ეს საოცრება იყო, თუმცა მაშინვე დავთანხმდი. დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ბავშვები ენის სწავლას უფრო ადრეც იწყებენ. ასე რომ, ჩვენი სტუდია 5 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ასაკის მსურველს მასპინძლობს.
როდესაც ადამიანი სტუდიაში უცხო ენის შესასწავლად მოდის, თავიდან ზუსტად არ ვიცი, რომელ პროგრამას შევთავაზებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომები. ვიწყებ მასთან საუბარს, ვსწავლობ მის ხასიათს, დამოკიდებულებებს, ფასეულობებს და შემდეგ ვუდგენ პროგრამას. ის ადამიანი, რომელიც ჩემთანმოდის, მასზე მორგებულ პროგრამას იღებს. ვარკვევ, რა არის მისი ცხოვრების ინტერესები, რადგან თემატიკა, რომელსაც მოსწავლე გაივლის, განსაკუთრებით კი, ზრდასრული ადამიანი, მის ინტერესებს ეხმაურებოდეს.
პირადად ჩემი მიზანია, მოზარდებმაც და მოზრდილებმაც შეძლონ ინგლისურ ენაზე ნებისმიერი გამოწვევის გამკლავება, ნებისმიერ დისკუსიაში ჩართვა და ნებისმიერ სამსახურსა თუ სასწავლებელში საკუთარი თავის პოზიციონირება ინგლისურ ენაზე მოახერხონ.
-25 წელია, რაც საგანმანათლებლო სფეროში ხართ. რამდენად რთულია, იყოთ ხელმძღვანელი და რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ იყოთ კარგი მმართველი?
-ამბობენ, რომ საქმე უნდა გიყვარდეს, რათა კარგად მართო, მაგრამ სანამ საკუთარ საქმეს აღმოაჩენ, რაღაც გზა გაქვს გასავლელი. ჩემს შემთხვევაშიც, ეს გზა არ იყო მოკლე. თავიდან, როცა ვიწყებდი, არ მეგონა, რომ სწორედ ის იყო ჩემი გზა და მისია. უბრალოდ, ეს საქმე მიყვარდა და დავიწყე. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემი გზა და მისია ვიპოვე. როდესაც გზა ნაპოვნი გაქვს, იმ საქმეს ძალიან კარგად მართავ. რაც შეეხება კონკრეტულ თვისებებს, რომლებიც მართვაში მეხმარება, ალბათ, დროის გადანაწილების უნარი და პიროვნული ზრდის მოთხოვნილებაა. ყოველთვის ვზრუნავ განვითარებაზე.
ხშირად მეკითხებიან, რატომ ვარ ყოველთვისხალისიანი და მომღიმარი. ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა – შენი საქმე ნაპოვნი გაქვს და ამას ისე მართავ, როგორც შენ მოგწონს.
-რა არის ყველაზე მნიშნველოვანი იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი სურვილების რეალიზება მოახდინოს?
-ალბათ, საკუთარი თავის შეცნობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა დაეწევა ამ მოთხოვნებს. ადამიანს სკოლაშივე უნდა მივცეთ ის ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც,თავიანთი თავისა და უნარების შესწავლასშეძლებენ. ყველაფერი აქედან იწყება. მე ვცდილობ, რომ ჩემი ფსიქოლოგიური ცოდნა და ქოუჩინგის ინსტრუმენტები ამისათვის გამოვიყენო.
-უახლეეს პერიოდში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან და როგორია თქვენი გეგმები?
-დღევანდელი გამოწვევები ადრინდელისგან რადიკალურად განსხვავდება. დღესდღეობით, წინა პლანზე წამოიწია ისეთმა საკითხმა, როგორიც მენტალური სიჯანსაღეა. თუკი ადრე მენტალურ სიჯანსაღესთან პრობლემა მსოფლიოში ყოველ მე-4-5 ადამიანს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. ვფიქრობ, რომ სტუდია „ინოვაციამ“ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი ერთობლივი პროექტი გამოცდილ და პროფესიონალ ქოუჩ-ფსიქოლოგთან, თამარ საგინაშვილთან, რომელმაც შემომთავაზა რუსთავში, ჩვენს სტუდიაში გაკეთებულიყო საწყის ეტაპზე ონლაინ კაფე „ლავანდა“, რომელიც დაეხმარება რუსთაველებს, რუსთავში მიიღონ ეს პროდუქტი და ყველა ტრენინგზე თბილისში ჩასვლა არ მოუწიოთ. ისინი მიიღებენ პოზიტიურ გარემოს, ცხოვრების გასაუმჯობესებელ ინსტრუმენტებს და ადვილად აწევენ თავიანთი ცხოვრების ხარისხის დონეს.შესაბამისად, ეს პროექტი რუსთაველებს,ინგლისურის შესწავლასთან ერთად, პიროვნული ზრდის შესაძლებლობასაც მისცემს.