ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მედლით დასრულდა.79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ ოსლოს ხალიჩაზე მესამე ადგილი დაიკავა.
მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლო 5:2 დაამარცხა, ამას მოჰყვა მორიგი გამარჯვება მეოთხედფინალში, ბერძენ გეორგიოს კუგიოუმციდსთან შეხვედრაში – 9:5 გამარჯვება. ნახევარფინალში ნიკამ დასანანი მარცხი იწვნია ირანელ მოჰამად აშგარ ნოხოდილარიმისთან – 5:6. კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც სომხეთის წარმომადგენელ არმან ავაგიანთან გამოიყენა კიდეც – 10:0.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).