„ამგვარი მშვენიერი სიცილი მერე აღარ მინახავს ქვეყანაზე”… 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა

5 ოქტომბერს  მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა  დღე 1994 წლიდან აღინიშნება.

ქართულ ლიტერატურაში არაერთი ნაწარმოები გვხვდება მასწავლებლებსა და სკოლის ცხოვრებაზე, დღეს ბრწყინვალე ქართველი მწერლისა და ნოველისტის – რეზო ინანიშვილის მოთხრობიდან „ დამრიგებელი“ შევარჩიეთ ნაწყვეტი – მოთხრობაში ავტორი მასწავლებელზე, ბავშვობის ტკბილ მწარე სევდასა და სიკეთეზე ყვება – რომელიც მარადიულად გასდევს ცხოვრებას. 

„ზარის დარეკვამდე მასწავლებელმა წესიც თქვა: – დღეიდან ბინებში ჩამოვლას ვიწყებ, თქვენი ოჯახური პირობები უნდა შევიწავლო, თუ რომელიმეს მოსწავლის კუთხე წესრიგში არა გაქვთ, სასწრაფოდ მოაწესრიგეთო. მოსწავლის კუთხე ყველას უნდა გვქონოდა. იმ კუთხეში პატარა მაგიდა უნდა მდგარიყო. კედელზე გაკრული უნდა ყოფილიყო ბელადების სურათები, ქვემოთ გაკვეთილების ცხრილი, სულ ქვემოთ – მოსწავლის დღის რეჟიმი. იქვე ჩვენთვის უნდა გვქონოდა სუფთა პრისახოცი, კბილების სახეხი ჯაგრისი და ფხვნილი.

მე თავზარი დამცა დამრიგებლის ნათქვამმა. მთელი ჩვენი ოჯახი ერთ კლდესმიკრულ პატარა ქოხში ცხოვრობდა. რვა კვადრატულ მეტრში. ისიც არასრულ რვა კვადრატულ მეტრში. ხუთნი ვიყავით: დედა, ბებია, ჩემი და, ჩემი ძმა და მე. ერთი “კუშეტკა” გვედგა, ერთი უზურგო “ატამანკა”, ერთი მაგიდა, მაგიდის ქვეშ – სკივრი, აქეთ კარისკენ – “ტუმბოჩკა”, კარს უკან – ნავთქურა.

ბებია იმუქრებოდა, – ამოვალ იმ შენ სკოლაში და წვრილად მოვახსენებ მასწავლებლებს შენი ხელიდან წასვლის ამბავსო.მაგრამ ბებიას სკოლაში ამოსვლა არ დასჭირდა. დამრიგებელი თვითონ ეწვია. მე, რა თქმა უნდა, შინ არ დავხვდი. ბიჭები იმ დღეს მლაშე ტბებზე ვიყავით. დამსხდარან ბებია და დამრიგებელი, კარგა ულაპარაკიათ. მე რომ დავბრუნდი დამრიგებელი ახალი წასული იყო.

ბებიამ შვებამიცემულმა მითხრა, – მოვახსენე, როგორც საჭირო იყო, შენს დამრიგებელს ყველაფერიო. მე არც ამაზე ამომიღია ხმა. მოღუშული მივუჯექი მაგიდას. შევჭამე ჩემი შესაჭმელი, მერე არითმეტიკა დავწერე, მერე – ქართული, და ადრე დავწექი.იმ ღამეს სამჯერ გამეღვიძა. მამლების ყივილი მესმოდა, მკერდში სულ რაღაც მწიწკნიდა.

მეორე დღეს თავს ვეღარ ვწევდი გაკვეთილებზე. დამრიგებელი რომ შემოვიდა, მაშინ ხომ მინდოდა, მიწაში ჩავმძვრალიყავი, თითქოს კიდეც მციოდა, მაკანკალებდა.

გაიძახა სხვები. თან იმათ უსმენდა, თან მერხებს შორის მიმოდიოდა, მე სამჯერ ამიარა გვერდით. ერთხელ შეჩერდა, თავი ამაწევინა და თითქმის ჩურჩულით მითხრა, – ასწიე თავი, შენ ძალიან კარგი ბებია გყავსო.ორი დღის შემდეგ კი დამიძახა, ნავთით სავსე ბიდონი მომცა, – ეს ბიდონი ჩვენთან მიიტანეო. მე ვერაფერი ვთქვი, მაგრამ მაინც მიხვდა, სახლი რომ არ ვიცოდი. მასწავლა. აგერ ასე წახვალ, აგერ ასეო და წავედი.

ადვილად ვიპოვე, მივიტანე ბიდონი. შინ დამრიგებლის დედა და უმცროსი და დამხვდნენ. ბიდონი ჩამომართვეს. – შემოდი, შემოდიო, – დამრიგებლის დედამ, და თითქმის ძალით შემიყვანა შინ.ორი ვაშლი მომცა. მე სულ თავჩაღუნული ვიდექი,  მაგრამ მაინც მივხვდი, რომ მათი ოთახი ჩვენს ოთახზე პატარა იყო, მაღალი, მაგრამ პატარა. დამრიგებლის და დაბნეული, სახეარეული ანგელოზივით იყო მიმდგარი ერთ კუთხეში.

წამოვედი. ვაშლის ჭამა არ მინდოდა. მერე მაინც ფრთხილად ჩავკბიჩე. თავს ვიკავებდი,

მაგრამ ერთი მწარე ცრემლი მაინც მოვიწმინდე მაჯით…

იმ დღიდან დამრიგებელი ძალიან შემიყვარდა. ვატყობდი, იმასაც ვუყვარდი. ერთხელ თავზედაც დამადო ხელი და მითხრა, – თმა შეიკრიჭე, ეგრე არ გიხდებაო. მე მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, ის (მერე გავიგე) ოცდაშვიდისა ყოფილა. ძალიან სუფთად, სპეტაკად იცვამდა. სიარულიც ლამაზი იცოდა, თითქოს სულ რაღაცას უსმენდა. იშვიათად, ძალიან იშვიათად თუ გაიღიმებდა. რაღაცნაირი სქელი, მაგრამ ჰაეროვანი თმა ჰქონდა, კისერთან სწორად წაჭრილი.

ერთხელ დავინახე, როგორ სტაცებდა ქუჩაში იმ თმას და კაბის კალთებს ქარი. დამრიგებელი ერთი ხელით თმას იჭერდა, მეორე ხელით – კაბის კალთებს და იცინოდა…

ამგვარი მშვენიერი სიცილი მერე აღარ მინახავს ქვეყანაზე…“