გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოსლოში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ყველა წონაშია წარმოდგენილი, 61, 74, 86 და 125 წონით კატეგორიებში პირველი მედლები გათამაშდა. ქართველთაგან მედლის მოპოვება შეძლო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა.
ქართველი ფალავანი ჩემპიონატს მერვედფინალიდან შეუდგა, სადაც მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური 11:1 დაამარცხა, 5:0 მოუგო ავსტრიელ იოჰან ლუდეშერს. ნახევარფინალში ასევე იოლად გაუმკლავდა ყაზახ ოლეგ ბოლტინს – 10:0, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან (გენო ირანელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში შეხვდა და 6:3 მოუგო) 2:9 დამარცხდა.