გაკვეთილები საზღვრების გარეშე -პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლა

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო. ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში – „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“. ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” გენერალურ პარტნიორობას გაუწევს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ უნიკალურ პროექტს, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის.

გრანტის ფარგლებში, პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის “გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ ვებ-გვერდზე სულ რამდენი დღეში დაემატება სასწავლო მოდულები ემიგრაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისთვის. ყველა ონლაინკურსი უფასო იქნება. ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია 1 ოქტომბერს დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდები შემდეგ კურსს გაივლიან:

ქართული თეატრის  ამბავი – ნიკოლოზ  წულუკიძესთან ერთად;

წიგნიერება (საუბრები ლიტერატურაზე) – გიორგი კეკელიძესთან ერთად;

კალიგრაფიის  ონლაინ გაკვეთილები – ლეილა ბარბაიასთან და დავით მაისურაძესთან ერთად;

შესავალი  ჭადრაკის ჯადოსნურ  სამყაროში- ნატალია ეძგვერაძე;

ვისწავლოთ ქართული  ენა – ნინო კაკაჩიასთან ერთად;

სამშობლოსმცოდნეობა – პროფესორ ვაჟა შუბითიძესთან ერთად ;

აღმოაჩინე  საქართველო (საქართველოს გეოგრაფია) – მაია ბლიაძესთან ერთად;

საქართველო, საბერძნეთი  და ევროპული  ღირებულებები – ავთანდილ მიქაბერიძესთან და თათია მთვარელიძესთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში მოზარდებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდება საინტერესო საერთაშორისო აქტივობები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს – www.diaspora.edu.ge/ka