აშშ-ში ქართული ღვინო წარადგინეს

აშშ-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვაშინგტონში მდებარე მიშელინის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში “Maydan“ ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ- ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 700 ათასი ბოთლი ღვინო. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში იგეგმება.