საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. ტურის მონაწილეებს შორისაა საერთაშორისო ჟურნალის Vagabond-ის ბულგარული გამოცემის რედაქტორი ენტონი გეორგიევი. პრეს-ტურის მიზანი ბულგარეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.
”პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში 6 ან 7 წლის წინაც ვიყავი და ბევრი ადგილი ვნახე, მაგრამ დღეს თბილისით გაოცებული ვარ, ძალიან შეცვლილა, უფრო ლამაზია, ბევრი რამ განახლდა და ვფიქრობ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია ევროპაში. რა თქმა უნდა თბილისი უსაფრთხო ქალაქია, ისევე როგორც სხვა ადგილები საქართველოში.“-ამბობს ენტონი გეორგიევი, ჟურნალ “Vagabond”-ის რედაქტორი.
5 დღიანი ტურის ფარგლებში ბულგარელი ჟურნალისტები თბილისს, უფლისციხეს, ახალციხეს, საფარას მონასტერს, ვარძიას, ფოკას და სამცხე-ჯავახეთის სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებს მოინახულებენ.
„ტურის დასრულების შემდეგ ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურიზმის, კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ბუნების შესახებ სატელევიზიო სიუჟეტებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში ათიათასობით ტელე მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.“ – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.