ლიტერატურის მუზეუმში „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით,  ლიტერატურის მუზეუმში „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ გაიმართება.

„აკრძალული წიგნების კვირეული“ ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიებაა და ტრადიციულად, სექტემბრის ბოლო კვირას იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია. წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია: ცენზურა გვყოფს – წიგნები გვაერთიანებს!

კვირეული საქართველოში გამომცემლობების: „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ თაოსნობით, 2018 წელს, „ინტელექტის“ საგამომცემლო სერია „აკრძალული წიგნების თაროს“ ფარგლებში დაფუძნდა. წელს კი, ღონისძიების განსხვავებული ფორმით აღნიშვნა გადაწყდა. კვირეული საქართველოში სიტყვის, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების მხარდაჭერას ემსახურება.

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა – აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“ – ღონისძიება 28 სექტემბერს, 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი აკრძალული წიგნების შესახებ ისაუბრებენ: ლევან ბერძენიშვილი, ანი კოპალიანი, ლაშა ბაქრაძე, პაატა შამუგია, ზაალ ჩხეიძე, შორენა ლებანიძე.

ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა დროს ქართულ თუ უცხოურ ენაზე გამოცემულ აკრძალულ წიგნებსა და მათი აკრძალვის ისტორიებს, ასევე აღნიშნული წიგნების თემაზე საგანგებოდ შექმნილი პოსტერების გამოფენას.