ოდესაში, ქალაქის ბაღის საზაფხულო თეატრში ქართული და უკრაინული კულტურის საღამო “ქართულ–უკრაინული ერთობა” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში კონცერტი, თემატური ფოტოგამოფენები, თანამედროვე უკრაინელი მხატვრების ნახატები, ეროვნული ტანსაცმლის, ქართული და უკრაინული წიგნებისა და მხატვრული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი მომღერალი სალომე ბაკურაძე, ჯგუფი “Premier Project”, უკრაინის ეროვნული მხატვრული კოლექტივის ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “საქართველო”, უკრაინის მხატვრული კოლექტივის საცეკვაო ანსამბლი “ბავშვობა”.
„საღამოს სტუმრებისთვის სიურპრიზი იყო ცნობილი უკრაინელი და ქართველი მოჭადრაკეების ნატალია ჟუკოვას და სალომე მელიას, ასევე ოდესის საკრებულოს დეპუტატის ვასილ იერემიას და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დირექტორი მოადგილის ვიტალი სავიჩის საჭადრაკო პარტია.
ასევე, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ცნობილი დიზაინერების ბრენდები საქართველოდან – ტრადიციული ქართული ტანსაცმლის ბრენდის “ნაციონალური სამოსის სახლისა” და თანამედროვე ქართული ტანსაცმლის ბრენდის ” Shavdia”-ს კოლექცია. უკრაინული ეროვნული ტანსაცმელი ღონისძიებაზე წარადგინეს თანამედროვე ბრენდმა ” Незалежні” და ნატალია მაჟაროვამ. ქართული წიგნების გამოფენა წარადგინა გამომცემლობა “Meridiani”-მა, უკრაინული კი მაღაზია “Книгарня-кав’ярня”-მა.
ქართული და უკრაინული კულტურის საღამოს “ქართულ-უკრაინული ერთობა” სტუმრები იყვნენ ოდესაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოდესელები, ქალაქის სტუმრები, ქართული დიასპორისა და მედიის წარმომადგენლები.“ – ნათქვამია ოდესაში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და ქ. ოდესის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.