ჯგუფი „შარა“ და მისი პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი უკვე ორი წელია თანამშრომლობენ და ამ ხნის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს. საახალწლო დღეებში მათი ნამღერი ამერიკულ რადიო ტალღაზე „INDIE NETWORK“ აღმოჩნდა, სადაც საახალწლო ჩარტებში საუკეთესო სიმღერებში მოხვდა და ამერიკელი მსმენელი მას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე უსმენდა. ამასთან კონცერტებს მართავენ სხვადასხვა ქალაქებში. ცოტა ხნის წინ ვილნიუსში სოლო კონცერტი ჩაატარეს, რომელიც ლიეტუველმა მსმენელმა ძალიან კარგად მიიღო. თუმცა დღეს უფრო კარგი სიახლეების შესახებ გვინდა გიამბოთ. გერმანიაში ჩაიწერა ჭაბუკა ამირანაშვილის სოლო ალბომი და „შარას“ ორი დისკი და რაც ყველაზე მთავარია, მათი ერთ – ერთი კომპოზიცია “მეურემე” 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო სიმღერების კრებულში შევიდა, რომელსაც “World Music”-ი ამზადებს. „ქართული კვირა“ მუსიკოსს ჭაბუკა ამირანაშვილს დაუკავშირდა და გაესაუბრა.
ჩემთვის სიახლეა ასეთი მუსიკალურ მიმდინარეობაში მოღვაწეობა, თუმცა გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ “ნიუ კლასიკ ლაუნჯ მიუზიკ” მიმართულება ყოველთვის მიტაცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჯგუფ “შარასთან” ვმუშაობ და ვქმნი თანამედროვე ეთნო მუსიკასაც, ხელი არ მეშლება სოლო ალბომების ჩაწერაში. ახლო მომავალში ევროპაში გამოვა კიდევ ერთი დისკი, რომელიც ახლა დავამთავრე. ეს დისკი დუდუკის მუსიკაა. აქ შედის ჩემი ძველი და ახალი კომპოზიციები დუდუკისთვის.
– როგორც ვიცი ჯგუფის დისკიც გამოიცა გერმანიაში…
– დიახ, ჯგუფმაც დაბეჭდა გერმანიაში ორი CD. ერთი სახელწოდებით – „ქართულია“ და მეორე აკაპელა, რომელშიც შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის საშობაო სიმღერები. სიახლეა ისიც, რომ ჯგუფის ერთ – ერთი სიმღერა “მეურემე” შევიდა 2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო სიმღერების ორ ალბომიან კრებულში, რომელიც წელს დაიბეჭდება, გავრცელდება და გაიყიდება მთელ მსოფლიოში. ამ დისკს “World Music” ამზადებს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა არა მარტო „შარასთვის“, არამედ მთელი საქართველოსთვის.
მე ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ “World Music”- მა ჩვენი შემოქმედება დააფასა.
ჩვენ არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ მსმენელის მოხიბვლას. მოლაპარაკება მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა დარბაზთან, პროდიუსერებთან და როგორც ყველა, ჩვენც ველოდებით პანდემიის დასრულებას, რათა გავაგრძელოთ ჩვენი საკონცერტო მოღვაწეობა.“ – აღნიშნა ჭაბუკა ამირანაშვილმა “ქართულ კვირასთან“ საუბრისას.