ზუსტად ასი წლის წინ, 1922 წელს სრულიად საქართველო საპროტესტო ტალღამ მოიცვა. პროტესტისა და ამბოხის მიზეზი გასაბჭოებაზე უფრო მეტად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გახლდათ. აჯანყებამ მოიცვა კახეთი, ხევსურეთი, დუშეთი, სვანეთი, გამონაკლისი არც აფხაზეთი და კოდორის ხეობა ყოფილა. ამაზე მიუთითებს საარქივო საქმე №170-ში აღმოჩენილი დოკუმენტები და დასკვნითი დადგენილება, რომელიც 1922 წლის 29 აგვისტოთია დათარიღებული. მასში ხაზგასმითაა შეფასებული ეს მოვლენები. კერძოდ, ,,თბილისელი პროვოკატორებისა და კოდორის მაზრის მენშევიკური ორგანიზაციის, აგრეთვე ამ ავანტიურაში მოტყუებით ჩათრეული სოფლის მშრომელი მოსახლეობის მონაწილეობით მზადდებოდა შეიარაღებული აჯანყება. უკიდურეს შემთხვევაში კი, წარუმატებლობისას, შეიარაღებული დემონსტრაცია იმ მიზნით, რომ შეეხსენებინათ და დაენახვებინათ ევროპისთვის, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი ისწრაფვის მენშევიკების ხელისუფლების დაბრუნებისთვის და რომ ოცნება ყოფილ დამოუკიდებელ მენშევიკურ საქართველოზე მოსახლეობაში არ ჩამქრალა. ეს იქნებოდა უზარმაზარი კოზირი აჯანყების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში!“… ამავე საქმეშია დაცული მოწოდება აფხაზ და ქართველ ხალხებს: ,,მოწოდება ქართველნო მოქალაქენო უკვე ყველამ ნათლად დავინახედ ჩვენში ძალად შემოჭრილ მოსკოვის ყაჩაღურ ხიშტების იდეურად და ეკონომიურად გაკოტრება და მათი ძაფზე გარჩენა, რომელიც მალე გაწყდება და ჩვენ ყველა ქართველნი და აფხაზნი ვალდებული ვართ მამულიშვილურათ შევხვდეთ ჩვენ დამზადებულ ნიადაგის განხორციელებას. აი, ეხლა დარწმუნდებით, რომ ყაჩაღურ ფულს არ ღებულობენ და დაეძებენ ნამდ. ხალხოსნურ დემოკრატიულ ფულს, რომელიც ცნობილია ყველასათვის. მოქალაქენო, რათ უნდათ მაგათ ხალხოსნური ფული, როდესაც ხალხოსნური მართვა-გამგეობა არ სურთ? მაგრამ ხედვენ თავიანთ სიკეთეს…
მაშ, ქართველნო, წინ! ჩვენ ლაჩრობა არ გვჩვევია! გაუმარჯოს აფხაზთა და საქართველოს ძმურ და მეგობრულ კავშირს! გაუმარჯოს ყველა დემოკრატიულ რესპუბლიკებს! ძირს მუხანათ მოღალატენი! გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას!“ (სტილი დაცულია)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი