ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა

ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. დავით ხუციშვილი (80 კგ) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. სეზონის უძლიერესი მოჭიდავეები მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპის საერთო შედეგებით გამოვლინდნენ.

“სეზონის დასკვნით – მეოთხე ეტაპს გუშინ და დღეს, რუმინეთის ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა. შავი ზღვის სანაპიროზე, მედლები ტრადიციულად, ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველოს ნაკრების წევრები ოთხივე წონაში პოდიუმზე ავიდნენ. ქელეხსაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ხუციშვილმა, მარსაგიშვილმა და კორძაიამ – ვერცხლი. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო სერია 16-17 ივლისს, ნიცაში გამართული პირველი ეტაპით გაიხსნა და ქართველები ოთხივე წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ. მეორე ეტაპს 3-4 სექტემბერს რომმა უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების მონაგარი ქელახსაშვილის, ხუციშვილისა და კორძაიას ვერცხლის მედლები იყო. მარსაგიშვილს საპრიზო სამეულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. 10-11 სექტემბერს, საბერძნეთის კურორტ კატერინიში, მესამე ეტაპზე, ქელეხსაშვილი ჩემპიონი გახდა, კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხუციშვილმა – მესამე.“ – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუმინეთში საქართველოს ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა ჯემალ კილაძემ ჩაიყვანა. ქართულ დელეგაციაში მათ გარდა იყო მსაჯი ედნარ ლომანაძე და მისიის ხელმძღვანელი – საქართველოს ქვიშის სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.