პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტულ ცეკვებშიც იქნება წარმოდგენილი, ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ობერსდორფში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე – Nebelhorn Trophy-ზე ფიგურულ ციგურაობაში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები გათამაშდა. სპორტულ ცეკვებში ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იყო საჭირო. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და პეკინის ლიცენზია მოიპოვა.
ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან კაზაკოვა-რევიას დუეტს მოკლე პროგრამაში 66.95 ქულით მეხუთე შედეგი ჰქონდა. საქართველოს წარმომადგენლებმა უკეთ იასპარეზეს თავისუფალ პროგრამაში, სადაც 106.25 ქულა დაიმსახურეს და მეორე შედეგი ჰქონდათ. ორივე პროგრამის ჯამში კაზაკოვა-რევიას სპორტულ წყვილს 173.20 ქულით მესამე შედეგი აღმოაჩნდა და მედლებთან ერთად პეკინი-2022-ის საგზური მოიპოვა.