საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონკურსის, The European Union Contest for Young Scientists (EUCYS) 2021-ის ფინალში მოხვდა, რომელშიც 34 ქვეყნიდან 158 კონკურსანტი (14 წლიდან-20 წლამდე) იღებდა მონაწილეობას.
ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდის წევრებმა, ანასტასია ჩალაგაშვილმა და მარიამ მიქაძემ მეცნიერების საერთაშორისო ჟიურის, რომელსაც უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიიდან დოქტორი ატილა ბორიჩი ხელმძღვანელობდა, წარუდგინეს პროექტი, “ქსოვლის მოდიფიცირება კარბონის ნანონაწილაკების შემცვლელი ელექტროგამტარი კომპაუნდით ვირუსპროტექტორული თვისებების მისაღებად”, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე, პროფესორ თემურ ჩიჩუას ხელმძღვანელობით მომზადდა.
პროექტი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო სამოსის ახალი, უფრო უსაფრთხო, ქსოვილის შექმნას შეეხებოდა.
„ვირუსისაგან დამცავი სამედიცინო სამოსი ამჟამად პოლიპროპილენის ბოჭკოვანი ქსოვილისგან მზადდება და მის ზედაპირზე ვირუსს 8 საათის მანძილზე შეუძლია გაჩერება. ანასტასიამ და მარიამმა, ისეთი სამედიცინო სპეცსამოსის ქსოვილის შექმნა გამოიგონეს, რომელიც დამუშავებული იქნება ნანო ნაწილაკების შემცველი ანტისტატიკური ნივთიერებით და ვირუსი მასზე მოხვედრისთანავე მოკვდება.
ახალგაზრდა მეცნიერების ამ პროექტმა შემფასებლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა და ფინალში მოხვდა, მაგრამ ვერ შეძლო საპრიზო ადგილების მოპოვება. თუმცა მიუხედავად ამისა, EUCYS-მა დაპატენტების შემდგომ, მათი გამოგონების წარმოებაში ჩაშვება გადაწყვიტა.
გუნდის წევრებმა უკვე მიიღეს მოწვევები ფრაიბურგის, მიუნხენისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებიდან, სადაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაიღრმავონ მიღებული ცოდნა.“ – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.