ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობას განაგრძობს. 21 სექტემბერს მოძრაობა ეკვილიბრიუმი სოფელ წერაქვს ეწვია. აქ, მიხეილ ჯავახიშვილის სკოლაში, კიდევ ერთი სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა.
მიხეილ ჯავახიშვილი – გამორჩეული ქართველი მწერალი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა და „სამშობლოს ღალატისათვის“ 1937 წელს დაიხვრიტა წერდა წერილებს, რომელიც ყველა დროში აქტუალურია და მკითხველის დიდი სიყვარულით სარგებლობს, ეს ნაწყვეტია მისი 1924 წელს გამოქვეყნებული წერილიდან “ქართული წიგნი და ქართველი მწერალი” სადაც ჯავახიშვილი სწორედ წიგნიერებაზე საუბრობს.
„ერთი მუჭა ხალხი ვართ, ისიც ევროპელებთან შედარებით მეტად ღარიბ-ღატაკნი. და ჩვენი ლიტერატურის ღარიბობას ვინ მიაწერს ქართველ ხალხის შემოქმედების უნარის სისუსტეს, ან ამოწურავს? რამდენიმე სახელი რომ მოვიგონოთ, ესეც საკმარისი იქნებოდა. ამას თუნდ მარტო შარდენის სიტყვები დავუმატოთ: “ქართველებს რომ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ, მრავალს დიდ ხელოვანსა და მეცნიერს მისცემდნენ კაცობრიობასო” საქმეც მხოლოდ “შესაფერ პირობებში” ყოფილა. მაგრამ პირობებიც ორნაირია: დასაძლევი და უძლეველი.
ერთს წერილში უკვე ვსთქვით და ეხლაც ვიმეორებთ, რომ წიგნის ბეჭდვის გადაქცევა საწარმოო საქმედ და ერთგვარი სახელმწიფოებრივი დახმარება ორი უმთავრესი საფუძველია მწიგნობრობის განვითარებისა. პირველისთვის საჭიროა იაფი წიგნი და დიდი ტირაჟი, ე.ი. ბევრი მყიდველი, ე.ი. წიგნის გავრცელება. ქართული წიგნი რომ პროვინციელ მყიდველს ვერ სწვდება, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ საგანს ერთი წერილი ჩვენც მივუძღვენით. ქართული წიგნის მცირე გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი წიგნის სიძვირეც გახლავთ…
საერთოდ მწერლობა ერის სულიერ კულტურის ერთ-ერთ დედაბოძად ითვლება. ასე იყო ყველგან და ყოველთვის“