საქართველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ათენის ვახტანგ VI-ის სახელობის საკვირაო სკოლას ესტუმრა. მათ მოწაფეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე. ისაუბრა ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისთვის ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის სწავლების, ასევე ეროვნული კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. მან მადლობა გადაუხადა ვახტანგ VI-ის სახელობის საკვირაო სკოლის დამფუძნებელს დარეჯან ღამბაშიძესა და სკოლის პედაგოგებს, არსებული გამოწვევების მიუხედავად გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის. მიულოცა მოწაფეებს ონლაინ სწავლებიდან კვლავ დასწრებით რეჟიმზე გადასვლა. გამოთქვა იმედი, რომ პანდემიის მიუხედავად სკოლის მუშაობა არ შეფერხდება.
ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო ახალ შენობაში არსებულ ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებში სიამოვნებით გამართავს საკვირაო სკოლების ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებს.
საელჩოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ როგორც საკვირაო სკოლებს, ისე დიასპორულ ორგანიზაციებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ქართული დიასპორის ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების მიმართულებით წამოწყებული ახალი ინიციატივებისა და აქტივობების განხორციელებაში.