იოაკიმე და ანა იყვნენ კეთილმორწმუნე ებრაელი ცოლ-ქმარი „ღარიბთა და შეჭირვებულთა“ წრიდან, რომლებიც ელოდნენ აღთქმული მესიის მოსვლას.
ისინი იყვნენ მოხუცები და უშვილოები, რის გამოც მრავალი წელი მხურვალედ ლოცულობდნენ ღვთისადმი და ითხოვდნენ შვილს, რადგან იუდეველთა შორის უშვილობა უფლის უწყალობის ნიშნად ითვლებოდა. და, აი, მათი ლოცვის პასუხად და ღვთისადმი შეურყეველი ერთგულების ჯილდოს ნიშნად ისინი იკურთხნენ იმით, რომ მიეცათ ქალიშვილი, რომელსაც თავისი პირადი სიწმინდით განეკუთვნა ქრისტე-მესიის დედობა.
„შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ტროპარი).
„იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა“ (კონდაკი).