„ჩამოსულია საქართველოდან მილიონერი, არ ჰყოფნის ღვინო და ყველას თვითონ უხდის საფასურსო…“ – ასე ახასიათებდა წლების წინ იუგოსლავიის პრესა ზურაბ ქაფიანიძეს, რომელმაც თავის საქციელით ყველა გააოცა და ყველას თავი შეაყვარა. დღეს სწორედ იმ ამბებს გაგიზიარებთ, რომელიც მისმა შვილმა ლელა ქაფიანიძემ, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ცნობილი ავსტრიელი ოსკაროსანი მსახიობი კლაუს ბრანდაუერი საქართველოში იყო ჩამოსული. ზურა ქაფიანიძეს მიაბარეს, რომელმაც საქართველო შემოატარა სტუმარს. სადაც უნდა მისულიყვნენ, გაიშლებოდა სუფრა, გულში იკრავდა მასპინძელი ჯერ უცხოელს და მერე შინაურს. კლაუსი განცვიფრებულა, სად შეთანხმებულხართ ჩემს მისაღებადო. იცინოდა გულგადაღეღილი ზურა ქაფიანიძე, თვალებში სხივები უელავდა: როგორ დაგაჯერო, რომ არც ვიცნობდი ამ ხალხს, პირველად ვნახე შენთან ერთადო. კლაუსი უნდობლად აქნევდა თავს, ჩაწყობილიაო.
გომბორის გადასასვლელზე ღვინო მოუთხოვია სტუმარს. ირგვლივ არც სახლი ყოფილა, არც კაცი… ზურამ ახლავეო, თან, თურმე, გულში ფიქრობდა, ახლა რა ვქნა, სად წავიდე, ღვინო საიდან გავაჩინოო. ბედად ღვინის ცისტერნას გამოუვლია. გადასდგომია ზურა: ბიჭო, ღვინო მინდა სტუმრისთვის, იქნებ ცოტა ჩამოგვისხაო. ღვინო გინდაო – ყოჩაღად მოახტა ცისტერნას მძღოლი, – აბა, ჭურჭელი მაიტაო… გაოგნებულა სტუმარი, აქ მაინც როგორ ჩააწყვეო. აბა, როგორ აეხსნა ზურაბ ქაფიანიძეს, რომ თავის სახლში იყო, თავის საქართველოში, მისი და სხვისი სტუმარი რა გასაყოფი იყო, სტუმარი საქართველოში ხომ ღვთისაა.
ბოლო შეხვედრა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გაუმართეს. ზაფხული იყო და უცებ დარბაზში მერცხალი შეფრინდა, წრე დაარტყა და ისევ ცას მიაშურა. ყველამ ყურადღება მიაქცია. კლაუსმა არ გაიკვირვა: – ეგეც ზურას ჩაწყობილი იქნებაო!
იუგოსლაველები იღებდნენ ფილმს “ქორწილი”, ზურა ქაფიანიძეც მიიწვიეს. ისე შეაყვარა თავი ყველას, რომ უმისოდ ლუკმას არ ტეხდნენ. ცნობილმა მსახიობმა ჰიდრა ბოიავიჩმა ქალიშვილიც კი მოანათვლინა. ფილმის დასრულების შემდეგ დაპატიჟეს იუგოსლავიაში და მთელი ევროპა მოატარეს. სანამ იუგოსლავიაში გაემგზავრებოდა ერთი ხეირიანი კოსტიუმი ხომ უნდა ჰქონოდა. წავიდნენ მაღაზიებში, სად არ იყვნენ, ვერც ერთი ვერ მოირგო. გაყოფდა ხელს და – მიჭერსო. ბოლოს, გადაწყდა, შეეკერათ. გამოეწყო ახალ კოსტიუმში, თბილისის ქუჩებში გაიარა. მოვიდა შინ და – მიშველეთო. მუხლზე გაუხევია. ახლის შეკერვის დრო აღარ იყო, ძლივს იპოვეს ქალი, რომელმაც დაუკემსა შარვლი. ასე გაუშვეს იუგოსლავიაში. იქ, ეტყობა, მაინც არ მოეწონათ ზურას ჩაცმულობა და შესთავაზეს, ახალ კოსტიუმს გიყიდითო. ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველი გოლიათი ვერაფერში ჩაეტია.
იქაურ სუფრებს ვერაფრით აუღო ალღო. ჩაასხამდნენ ცოტ-ცოტა ღვინოს ჭიქებში, ზურა ქართულად გაივსებდა სასმისს და მეგობრობის სადღეგრძელოს სვამდა. უკვირდათ… რა ფული უნდა ჰქონოდა საბჭოთა კავშირიდან გასულ მსახიობს… მაინც ეს იღებდა დანახარჯს თავის თავზე, სხვებს ეპატიჟებოდა! გაზეთში დაწერილა: ჩამოსულია საქართველოდან მილიონერი, არ ჰყოფნის ღვინო და ყველას თვითონ უხდის საფასურსო…“