არტ-თერაპია – ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა

ცნობილი ფაქტია, რომ ზრდასრული ადამიანების ფსიქოლოგიური პრობლემები, უმეტესწილად, სათავეს მისი ბავშვობიდან იღებს. ბავშვობაში მიღებული ტრავმები ან სწორად აღზრდის პროცესში მიღწეული წარმატებები მნიშვნელოვნადგანაპირობებს ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებას…ისეთებად, როგორიც დღეს ვართ, ბავშვობიდან მრავალი წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩვენი შვილები სწორი ფსიქოლოგიური მეთოდებით აღვზარდოთ და გავაცნობიეროთ, რომ ამით ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი შვილების აწმყოს, არამედ, გარკვეულწილად, მათ მომავალსაც ვქმნით.
მიუხედავად ამისა, მშობლები ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც განსხვავებული სიმძაფრით აისახება ხოლმე ჩვენს შვილებზე. საბედნიეროდ, ფსიქოლოგია და მეცნიერება ჩვენ მიერ ჩვენი შვილების აღზრდაში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას გვაძლევს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არტ-თერაპიაა, ფსქიოლოგიური ტექნიკა, რომლის გამოყენებითაც მუშაობენ ბავშვებთან „თიკოს სახლში“, ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრში.
(თიკო ზენაიშვილი – ფსიქოლოგი, „თიკოს სახლის“ დამფუძნებელი) – არტ-თერაპია ბავშვებთან ან, გნებავთ, ზრდასრულებთან მუშაობაში ხელოვნების დარგების გამოყენებასგულისხმობს. რადგანაც ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, არტ-თერაპიაყველაზე შედეგიანი და ეფექტური ტექნიკაა, განსაკუთრებით კი, ბავშვებთან. ვიღაცას ცეკვა უყვარს, ვიღაცას – მუსიკა, ვიღაცას ხატვა უფრო ეხერხება, ზოგს, მაგალითად, ქვიშასთან ურთიერთობა სიამოვნებს, ზოგისთვის კი, ძერწვაა მნიშვნელოვანი… არტ-თერაპიის ტექნიკების მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, ყველას, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართულება გამოუძებნო.
-კონკრეტულად, რაში გვეხმარება არტ-თერაპია და გვაძლევს თუ არა საშუალებას, რომ ბავშვი პატარა ასაკიდანვე სწორად განვავითაროთ?
-განვითარება მხოლოდ ერთი საკითხია. მეორე მხრივ, როცა ბავშვი ასეთ მასალებთან მიდის, მასსიმშვიდე და დაცულობის განცდა აქვს. სხვა გარემოდა სიტუაცია, სადაც მან გარკვეული დავალება უნდა შეასრულოს, დაძაბულობას უქმნის. არტ-თერაპია შემოქმედებითი პროცესია, სადაც ბავშვს სრული თავისუფლება აქვს, ამიტომ ის ლაღი და გახსნილია. აქ არ არსებობს ჩარჩო და მითითებები. ბავშვი აკეთებს იმას, რაც თავად სურს. თავისუფლების ასეთი ხარისხი მას თავდაჯერებულობას მატებს. ამიტომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში, როდესაც რაიმეს სთხოვდით, ბავშვი გეტყოდათ, რომ მას ეს არ შეუძლია ან მან ეს არ იცის. არტ-თერაპიაში კი ამისგან დაზღვეული ხართ.


გაიგეთ მეტი: https://forms.gle/mpR8yMJLj3PGc1yQA


-თქვენი შეფასებით, შესაძლებელია თუ არა არტ-თერაპიის სკოლებში გამოყენება და რა ასაკიდან შეიძლება ბავშვთან ამ მეთოდით მუშაობა?

-არტ-თერაპიის ფართოდ გამოყენება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ სკოლამდელ დაწესებულებებშიც სასურველია. ბავშვთან ამ ფსიქოლოგიური ტექნიკების გამოყენება 3 წლიდან უკვე შესაძლებელია. არტ-თერაპია ძალიან ეფექტურია სასკოლო ასაკშიც. მისი მეშვეობით, ძალიან კარგად ამუშავებ იმ ფსიქოლოგიურ სტრესებსა და შიშებს, რომლებიც ბავშვებს აწუხებს. ასევე მარტივადაა შესაძლებელი ამოიცნო, აქვს თუ არა ბავშვს გარკვეული დარღვევები ბაზისურ მოთხოვნილებებში, რადგანაც არტ-თერაპიისას მისი ტკივილები და შიშები ზედაპირზე ამოდის. მას შემდეგ, რაც სპეციალისტი ამ პრობლემურ მხარეებს დაამუშავებს, ბავშვის განვითარება ჰარმონიულად მიმდინარეობს. ამის შედეგად, თავად ბავშვსაც შეუძლია, სხვაგვარად შეხედოს პრობლემებს, დაძლიოს ტკივილები და შეფერხების გარეშე განაგრძოს განვითარება.

ეს განსაკუთრებით ეფექტური მეთოდია სენსორული დარღვევის მქონე ბავშვებთან. სწორედ არტ-თერაპია გვეხმარება, გარედან მომავალი ნებისმიერი სიგნალი და ინფორმაცია მან სწორად აღიქვას, გადაამუშაოს და ადეკვატური პასუხი გასცეს. ასე რომ, იმ ქცევითი დარღვევების გამოსწორებისთვის, რომლებსაც ბავშვებთან ძალიან ხშირად ვხვდებით, არტ-თერაპია ყველაზე საჭირო ტექნიკაა.