ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავაში გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“-ს გამოცემის 30-ე წლისთავი აღინიშნა და ახალი ნომრის პრეზენტაცია შედგა. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი წიგნი წარადგინეს, გამოიფინა წმინდა გრიგოლ ფერაძის ფოტოები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო . ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოსა და პოლონეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს. ჩვენი ქვეყნების ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ღონისძიებაზე შეკრებილი მეცნიერები საუბრობენ იმ საერთო ტვირთზე, რომელიც ჩვენ ვზიდეთ საბჭოთა პერიოდში. ამის ნათელი მაგალითია წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. შესაბამისად, ჩვენი მკვლევრები იკვლევენ ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ მიყენებულ ტკივილს წარსულში და სვლას საერთო ევროპული ოჯახისკენ.“ განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.