საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წელს ქართული პრესის მუზეუმი გაიხსნება. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას ეროვნულ ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მუზეუმი ბიბლიოთეკის გამორჩეული ადგილი იქნება, რადგან პერიოდულ გამოცემათა ფონდი ყველაზე მდიდარია უნიკალური მასალებით. ქართული პერიოდიკის ისტორია კი იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული პირველი ქართული გაზეთის ორი ეგზემპლარით იწყება. ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ნაწილია.
„გამოცემის პირველი ნომერი სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“ 1819 წლის 8 მარტს დაიბეჭდა. 1820 წელს გაზეთს სახელწოდება შეეცვალა და „ქართული გაზეთი“ დაერქვა. უცნობია გაზეთის რედაქტორი, სტატიების ავტორი, მთარგმნელი და გაზეთში მომუშავე სხვა თანამშრომლების ვინაობა.
„საქართველოს გაზეთი“, იგივე „ქართული გაზეთი“ ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარშივე. გაზეთის მოძიებასა და შეგროვებას „ივერიის“ რედაქცია ცდილობდა. „ივერიის“ 1887 წლის 156-ე ნომერში რედაქცია მადლობას უხდის სოფიო დოდაშვილს, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „საქართველოს გაზეთის“ 1819 წლის მარტის თვის ერთი ნომერი შესწირა.
გაზეთის ფორმატი, შრიფტი და ზოგადად, მისი გარეგნული მხარე იმ პერიოდისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. დაახლოებით თაბახის ფურცლისოდენა ფორმატზე სტატიები ორ სვეტად იბეჭდებოდა. დროთა განმავლობაში გამოცემის პოლიგრაფია და სხვა მახასიათებლები იცვლებოდა. გაზეთი „ივერია“ „ქართულ გაზეთზე“ წერს: „დაბეჭდილია მშვენიერის ასოებით სქელ ქაღალდზე და სიდიდითაც საწერი ქაღალდის თაბახს ძალიან აღემატება.
1819 წელს გამოვიდა გაზეთის 43 ნომერი, 1820 წელს – 51 ნომერი, 1821 წლის კომპლექტს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ამ წელს რამდენი ნომერი გამოიცა. 1822 წელს კი გაზეთის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ხელმომწერები ვერ შეგროვდნენ. მკითხველის ნაკლები ინტერესი კი იმით აიხსნებოდა, რომ გაზეთი არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ის მხოლოდ ცარიზმის პროპაგანდისთვის იყო შექმნილი.“ – ნათქვამია ეროვნულ ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიუხედავად ნაკლოვანებებისა, „საქართველოს გაზეთი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული გაზეთის შექმნის პირველი მცდელობა. ფასდაუდებელია ამ გამოცემაში დაბეჭდილი მასალები, რომლებიც ქართველების იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას ასახავს.