იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში ქართული ღვინო წარადგინეს. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.
ნაგანოს პრეფექტურა, სადაც ქალაქი მაცუმოტო მდებარეობს, ღვინის მოხმარებით მე–3 ადგილზეა იაპონიაში.
„ქართული ღვინო ნაგანოში პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.
კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.“ – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარმოდგენილი, როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.