თბილისში მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

10 – 14 სექტემბერს თბილისი პირველად უმასპინძლებს  მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორები : კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი და  ITI- International Theatre Institute- ის  ქართული ცენტრია. ფესტივალი პანდემიის პირობების გათვალისწინებით წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება და მასში ექვსი ქვეყნის საშემსრულებლო დასი მიიღებს მონაწილეობას. თეატრალურ წარმოდგენებთან ერთად საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება.

„პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა დამოუკიდებელი თეატრებისათვის და კერძო დასებისთვის. ამ გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა ფესტივალის არსებობის აუცილებლობა, დიდი სურვილი გვაქვს მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახდეს დამოუკიდებელი არტისტების აღმოჩენის და განვითარების ერთგვარი პლატფორმა“ – განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ბაკურაძემ.